იტალია

იტალიელი, რომელმაც შენობიდან გადმოვარდნილი ბავშვი დაიჭირა, შესაძლოა, ორდენით დააჯილდოონ

rainews

37 წლის იტალიელმა ბანკირმა, მატია აგუციმ ქალაქ ტურინში შენობის მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს დაჭერა და გადარჩენა შეძლო.

"ჩემს შეყვარებულთან ერთად პურის საყიდლად გამოვედი და შენობიდან ყვირილი გავიგონეთ, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო. კაცს, რომელიც ყვიროდა, რაფაზე მიყრდნობილი პატარა გოგონა დაუნახავს, რომელიც ფანჯრისკენ უფრო და უფრო იხრებოდა და რაფაზე ადიოდა, ის ფანჯარას ორი ხელით იყო მოჭიდებული, ფეხები კი ჰაერში ჰქონდა".- იხსენებს აგუცი Sky24-თან საუბრისას.

აგუცის მონათხრობის თანახმად, მას შემდეგ, რაც გაიაზრა, რომ ბავშვი ყვირილს ყურადღებას არ აქცევდა და მეხუთე სართულის რაფიდან უკვე ვარდებოდა, სასწრაფოდ გამოთვალა ბავშვის გადმოვარდნის შემთხვევაში მისი შესაძლო ტრაექტორია და შენობის ქვემოთ დადგა.

"როცა დავინახე, რომ გადმოვარდა, იქვე დავდექი, თვალები დავხუჭე და იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მე დაცემის დარტყმა შევამცირე და ორივენი მიწაზე დავეცით. თავიდან ბავშვის სიცოცხლის ნიშანს ვერ ვგრძნობდი, შემდეგ მან ტირილი დაიწყო და მეც შვებით ამოვისუნთქე". - ჰყვება აგუცი.

ტურინის მერმა, სტეფანო ლო რუსომ აგუცის ქმედებას "გმირული და არაჩვეულებრივი ჟესტი" უწოდა და თანამოქალაქეს მადლობა გადაუხადა. 

"მე მაქვს შემოთავაზება, მატია აგუცი, რომელმაც მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი გოგონას გადასარჩენად  საკუთარ უსაფრთხოება და, ალბათ, საკუთარი სიცოცხლეც გაწირა, დაჯილდოვდეს ოქროს მედლით სამოქალაქო ღირსებისთვის!"- წერია პარლამენტარ კამილა ლაურეთის მიერ X-ზე, ყოფილ Twitter-ზე, გამოქვეყნებულ პოსტში.

აგუცი თავს გმირად არ მიიჩნევს და საკუთარ რეაქციას სრულიად ბუნებრივად მიიჩნევს. 

"არაფერზე ვფიქრობდი და ვცდილობდი, გამეკეთებინა ის, რაც უნდა გამეკეთებინა. ბედმა იქ დამაყენა. ყველანი კარგად ვართ... ყოველ შემთხვევაში, ახლა აღარ მეტყვიან, რომ ჯობია, ცოტა წონაში დავიკლო".- თქვა აგუციმ.

კომენტარები