ზიმბაბვე

ზიმბაბვეს პრეზიდენტის თქმით, ყველა, ვინც მის პარტიას ხმას მისცემს, სამოთხეში მოხვდება

AP News

23 აგვისტოს, ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ თავის ათასობით მხარდამჭერს უთხრა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ხმას მმართველ პარტიას მისცემს, სამოთხეში მოხვდება. 

მმართველი პარტია - ZANU-PF 43 წელია ხელისუფლებაშია, ხოლო 80 წლის ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტი 2017 წელს მოწყობილი გადატრიალების შემდეგ გახდა.

თავის გამოსვლაში მნანგაგვამ მომხრეებს მოუწოდა, არჩევნების პერიოდში ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობას მოერიდონ. AP-ის ინფორმაციით, ზიმბაბვეს პრეზიდენტის ამ გაფრთხილებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი მმართველი პარტიის აქტივისტმა მოკლა.

"ძალადობის ორგანიზატორები დაისჯებიან ყოველგვარი შიშისა და კეთილგანწყობის გარეშე. ასე რომ, მე გეუბნებით, არასოდეს იძალადოთ". - თქვა მან. 

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მნანგაგვა ხშირად მოუწოდებს მის მხარდამჭერებს მშვიდობიანი მოქმედებისკენ, ის მრავალჯერ გააკრიტიკეს საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა - Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა. მათი თქმით, რაც არ უნდა თქვას პრეზიდენტმა, ზიმბაბვეში ოპოზიციის მხარდაჭერები ბევრ დაბრკოლებას აწყდებიან. 

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა ნელსონ ჩამისამ Associated Press-თან ინტერვიუში თქვა, რომ ზიმბაბველები ხშირად ძალადობის საფრთხის წინაშე არიან იმ შემთხვევაში, თუ მხარს მმართველ პარტიას არ უჭერენ. 

"ჩვენ სამუდამოდ წინ მივიწევთ. არავინ შეგვიშლის ხელს ამ ქვეყნის მართვაში. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოუტანა ამ ქვეყნის კოლონიზებულ ხალხს". - თქვა მნანგაგვამ დედაქალაქ ჰარარეში გამართულ აქციაზე. 


აგვისტოში დაგეგმილ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე, ზიმბაბვეს პარლამენტმა მთავრობის გაკრიტიკება უკანონოდ ცნო. ახლადმიღებული კანონის დამრღვევებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების კანონპროექტი, რომელიც "პატრიოტული კანონპროექტის" სახელით არის ცნობილი, შეიცავს პუნქტს, რომელიც "ზიმბაბვეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განზრახ დაზიანების" კრიმინალიზებას ახდენს.

ოპოზიციის თქმით, კანონი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მმართველი პარტიის პოლიტიკური მეტოქეების დასასჯელად მიიღეს.


2020 წლის 11 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ზიმბაბვეს უშიშროების მინისტრს ოვენ ნკუბეს და ტანზანიაში ზიმბაბვეს ელჩს ანსელემ სანიატვეს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, მათ შორის, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევისა და ოპოზიციის შევიწროების გამო, სანქციები დაუწესა.

უშიშროების მინისტრს ბრალს სდებენ, რომ მან უშიშროების ძალებს ზიმბაბვეს ოპოზიციის წარმომადგენლების გატაცება, არასათანადოდ მოპყრობა დაავალა. აშშ ტანზანიაში ზიმბაბავეს ელჩს, წარსულში ეროვნული სამხედრო ძალების პრეზიდენტის დაცვის ბრიგადის მეთაურ სანიატვეს კი სპეცრაზმისთვის 2018 წლის არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების დარბევის დავალების გაცემისთვის სდებს ბრალს.

სანქციებით მათ აშშ-ში არსებული ნებისმიერი აქტივი გაეყინათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება აეკრძალათ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ზიმბაბვეს მთავრობას დაჟინებით მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ დაესრულებინათ სახელმწიფოს მიერ წამოწყებული ძალადობა, მათ შორის, მშვიდობიანი  მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების, მუშათა ლიდერების და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ასევე, პომპეომ ზიმბაბვეს გამოძიების დაწყებისა და ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდა.

"ზიმბაბვეში პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები პოლიტიკური დისიდენტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების გასაჩუმებლად ძალადობას არაერთგზის იყენებდნენ". - თქვა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვიცე მდივანმა ჯასტინ მუზინიჩმა.

2019 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანიატვეს და ნკუბეს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

2018 წლის აგვისტოში ზიმბაბვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რობერტ მუგაბეს მოკავშირემ, ემერსონ მნანგაგვამ გაიმარჯვა. მან ხმათა 50.8% მოიპოვა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა და შედეგები გააპროტესტა. საპროტესტო აქციებზე მომიტინგეები პოლიციას და ჯარისკაცებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა.

2019 წლის დასაწყისში უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 12 ადამიანი მოკლეს, მას შემდეგ, რაც ეკონომიკური კრიზისის ფონზე მათ პრეზიდენტის მიერ ბენზინის ფასების 150%-ით გაზრდის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

კომენტარები