ზიმბაბვე

ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნებში ემერსონ მნანგაგვამ გაიმარჯვა

ემერსონ მნანგაგვა
AFP

ზიმბაბვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ემერსონ მნანგაგვამ გაიმარჯვა. მან ხმათა 50.8% მოიპოვა და შესაბამისად ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება.

ოპოზიცია შედეგს აპროტესტებს და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ოპოზიის ლიდერმა, ნელსონ ჩამისამ ხმათა 44.3%-ის მოპოვება შეძლო. ის ხმების ხელახალ დათვლას მოითხოვს.

მნანგაგვამ პოსტი გასული წლის ნოემბერში, რობერტ მუგაბეს თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და პარლამენტში ადგილების 2/3 მმართველმა პარტიამ მოიპოვა, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მათ არჩევნები გააყალბეს.

შედეგების გამოცხადებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. საპროტესტო აქციებზე მომიტინგეები პოლიციას და ჯარისკაცებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა.

ყოფილი მმართველის, 94 წლის რობერტ მუგაბეს გადაყენების შემდეგ ქვეყანაში ეს პირველი არჩევნებია.

კომენტარები