ზიმბაბვე

ზიმბაბვეში ოპოზიციის აქცია ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით დაშალეს

FT

16 აგვისტოს ზიმბაბვეს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა და ოპოზიციური პარტიის "მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებისთვის" ასზე მეტი მომხრე ხელკეტებით დაარბია. 

მომიტინგეები აფრიკის ერთობის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც აქცია უნდა გამართულიყო, თუმცა პოლიციამ აქცია დაარბია. თვითმხილველის თქმით, ოპოზიციის მომხრეები ცენტრალურ ჰარარეში პროტესტის აკრძალვას არ დაეთანხმნენ და დაპირისპირების მიზეზიც ეს გახდა. 15 აგვისტოს პოლიციამ მომიტინგეებს აქციის გამართვა აუკრძალა. 

მომიტინგეები მთვარობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ. Independent-ის ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე მონაწილე. 

"ჩვენ ვხედავთ აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების ძალადობრივ დარბევას... მომიტინგეთა მოსმენის ნაცვლად, მათ შესაშინებლად მაღალჩინოსნები აწამებენ და იტაცებენ მათ," - თქვა სამხრეთ აფრიკის Amnesty International-ის წარმომადგენელმა მულეია მვანანიანდამ

2019 წლის დასაწყისში უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 12 ადამიანი მოკლეს, მას შემდეგ, რაც მათ პრეზიდენტის მიერ ბენზინის ფასების 150%-ით გაზრდის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ზიმბაბვეში ეკონომიკური კრიზისია, ინფლაციის დონე 175% არის. გაეროს ინფორმაციით, ზიმბაბვეში 5 მილიონზე მეტი ადამიანი, შიმშილობის ზღვარზეა. ეს დაახლოებით, მოსახლეობის მესამედია.

გასული წლის აგვისტოში ზიმბაბვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მუგაბეს მოკავშირემ, ემერსონ მნანგაგვამ გაიმარჯვა. მან ხმათა 50.8% მოიპოვა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა და შედეგები გააპროტესტა. საპროტესტო აქციებზე მომიტინგეები პოლიციას და ჯარისკაცებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა.

მნანგაგვამ პოსტი გასული წლის ნოემბერში, რობერტ მუგაბეს თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ დაიკავა. ყოფილი მმართველის, 94 წლის რობერტ მუგაბეს გადაყენების შემდეგ ქვეყანაში ეს პირველი იყო.

კომენტარები