ზიმბაბვე

ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

Reuters

ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ პრეზიდენტმა ემერსონ მნანგაგვამ გაავრცელა.

"გათავისუფლების კულტი, პანაფრიკანისტი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება თავისი ხალხის ემანსიპაციასა და გაძლიერებას მიუძღვნა. ჩვენი ერისა და კონტინენტის ისტორიაში მისი წვლილი არასდროს დაგვავიწყდება,"- თქვა პრეზიდენტმა მნანგაგვამ. 

Guardian წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მუგაბე სინგაპურში გარდაიცვალა, სადაც ის ხშირად ჩადიოდა სამკურნალოდ, ვინაიდან ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში მნანგაგვამ საზოგადოებას ამცნო, რომ მუგაბეს სიარული აღარ შეეძლო.

2017 წლის ნოემბერში 37-წლიანი მმართველობის შემდეგ მუგაბე თანამდებობიდან გადადგა. მან გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. იქამდე კი გადადგომაზე უარს აცხადებდა. 

ამ პროცესს წინ უძღოდა არმიის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების ხელში აღება, რა დროსაც დედაქალაქში მუგაბეს გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი აქციები არ წყდებოდა. 

რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს პრეზიდენტი 1987 წელს გახდა, მანამდე კი 7 წლის განმავლობაში ის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. მის დიქტატურას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევები, კორუფცია და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი უკავშირდება, რამაც ზიმბაბვეს განვითარება ათობით წლით შეაფერხა. 

2008 წელს ზიმბაბვეში ფულის განუსაზღვრელი მოცულობით ბეჭდვამ დამანგრეველი ინფლაცია გამოიწვია, მისი მაჩვენებელი 79 600 000 000%-ს აჭარბებდა, რასაც 2009 წელს ეროვნული ვალუტის "ზიმბაბვეური დოლარის" გაუქმება და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. 

მისი პრეზიდენტობის ბოლო 7 წლის განმავლობაში ქვეყანაში ოფიციალური ვალუტა არ არსებობდა, ფულის მოვალეობას კი ერთდროულად აშშ დოლარი, გირვანქა სტერლინგი, იაპონური იენი და სხვა ვალუტები ასრულებდნენ. 2016 წლის ბოლოს ქვეყანაში ახალი ვალუტა გამოვიდა, თუმცა სინამდვილეში ის ნამდვილი ვალუტა არ იყო, რადგანაც არაკონვერტირებადია, შესაბამისად, მისი გამოყენება საერთაშორისო სავალუტო ოპერაციებში შეუძლებელი იყო. 

2017 წლის ოქტომბერში 93 წლის მუგაბე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კეთილი ნების ელჩად დაასახელა. WHO-ს ხელმძღვანელმა ზიმბაბვე "უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის" დანერგვისთვის შეაქო და განაცხადა, რომ მუგაბეს ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებისთვის კარგი მაგალითის მიცემა შეუძლია. 

მუგაბესთვის კეთილი ნების ელჩის სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ "გულის დაავადებათა საერთაშორისო ორგანიზაცია", "ბრიტანეთის სიმსივნის ასოციაცია", "თამბაქოს წინააღმდეგ გლობალური ალიანსი" და სხვა ორგანიზაციები.

კომენტარები