სტიქია რაჭაში

ხაბეიშვილი: შოვზე ანგარიში მოვამზადეთ, იკვეთება თანამდებობის პირების გულგრილობა

კადრი ვიდეოდან/მთავარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიამ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით 3-15 აგვისტოს "საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა" და მოამზადა შუალედური ანგარიში. მისი მტკიცებით, სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია.

"ამ დასკვნითაც კი იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირნენ საქართველოს მოქალაქეები" – თქვა ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ საზოგადოებას სჭირდება შოვის ტრაგედიაზე პასუხები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის უდიდესი ნაწილი ტრაგედიის პირველ საათებსა და დღეებში სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ქრონოლოგიურად დალაგებას ეძღვნება. ასევე, ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს. 

გარდა ამისა, დოკუმენტში წერია ღამის ხედვის მქონე ვერტმფრენებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების საჭიროების შესახებ. დასკვნის მიხედვით, კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს სტიქიის ადგილზე არ იმყოფებოდა სასწრაფო და სამაშველო სამსახურები, ასევე, როგორც ნაციონალური მოძრაობა წერს, "სამსახირებრივი გულგრილობა იმ კუთხით იკვეთება, რომ სწრაფად არ შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო და ამ დრომდე სამოქალაქო უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა არ გამართულა".

"ხსენებული ფაქტები და გარემოებები ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაულებრივმა უმოქმედობამ და გულგრილობამ გამოიწვია ის, რომ სტიქიაზე რეაგირება იყო დაგვიანებული და არაეფექტიანი. სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემამ არ იმუშავა, რაც არის სამართლებრივი შეფასების საგანი. ამისთვის საჭიროა გამოძიება პოლიტიკურ დიონეზე და საპარლამენტო საგამოძიებო მექანიზმი იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნას გამოკვლეული და შეფასებული" - წერია შუალედურ ანგარიშში.

პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ენმ-ის ანგარიშით "იკვეთება დაგვიანებული რეაგირება, იკვეთება, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, პრემიერმინისტრი დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, მეტიც, 24 საათის შემდეგ ჩადის ადგილზე". ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებას სჭირდება კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები.

"ჩვენ გვაქვს ვალდებულება და განსაკუთრებით, ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური კინკლაობა კი არა, ჩვენს საზოგადოებას გავაგებინოთ კონკრეტული პასუხები. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დააგვიანა რეაგირება, დააგვიანა ჯარის ჩაყვანა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, როცა ადამიანებს სჭირდებოდა შველა, გვეპრანჭებოდა სხვადასხვა ოთახიდან, ნაცვლად იმისა, რომ გადარჩენითი ოპერაცია ეწარმოებინათ, ფაქტობრივად, ღამის განმავლობაში მიატოვეს მოქალაქეები.

ეს ანგარიში არის შუალედური და ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე მიიყვანს ამ საგამოძიებო მოქმედებებს. იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეს იწყება ირაკლი ღარიბაშვილისგან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.


რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა. ამ დრომდე მაშველებმა 28 ცხედარი იპოვეს. სტიქიის ზონაში კვლავ ეძებენ ხუთ ადამიანს, აქედან ოთხი - ბავშვია.

კომენტარები