სტიქია რაჭაში

შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ენმ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"როცა, სამწუხაროდ, მსხვერპლი დღითიდღე იზრდება, ორი მთავარი საკითხი, რომელიც ახლა დღის წესრიში დგას, არის - ერთი, იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და მეორე, იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან [...] ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების დანერგვისთვის სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან $70 მილიონის გრანტი მიიღო, თუმცა, ვხედავთ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა დღემდე არ არის შექმნილი და ბიუჯეტით გაწერილი პროგრამა განხორციელებული არ არის. ბიუჯეტის ხარჯების შესაძლო გაფლანგვა, შესაბამისი თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მონიტორინგის სისტემის დანერგვის ჩავარდნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის პირდაპირი საფუძველია [...] იმ ფონზე, როდესაც საგამოძიებო უწყებების მიმართ ნდობა ნულოვანია, შოვში მომხდარი სტიქიის ირგვლივ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილად მიგვაჩნია. მეორე საკითხი, რომელიც საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, არის სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირების ადეკვატურობა და ეფექტურობა. პასუხისმგებელმა პირებმა საგამოძიებო კომისიასა და საზოგადოებას უნდა განუმარტონ, სტიქიის პირველ საათებში სახელმწიფო უწყებების რეაგირება რამდენად დროული და ოპერატიული იყო". - თქვა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავამ იმ დამატებითი კითხვების შესახებაც ისაუბრა, რომელსაც, მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პასუხი უნდა გაეცეს.

"11 წლის განმავლობაში სახელმწიფომ შესაბამისი სამაშველო ვერტმფრენები რატომ არ შეიძინა? მათ შორის, რატომ თქვა სახელმწიფომ უარი გრანტის სახით გამოყოფილ სამაშველო ვერტმფრენებზე, რომელსაც აშშ გვაწვდიდა? ასევე, შესაბამის სამაშველო სამსახურს თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობა რატომ არ გააჩნია? აგრეთვე, ამ პირობებში ხელისუფლებამ მეზობელ ქვეყნებს დახმარება რატომ არ სთხოვა?". - ამბობს ბოკუჩავა. 

შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემაც. დოლიძის თქმით, აუცილებლად უნდა დადგეს როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობა სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.

ოპოზიციის ამ მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა. მან ოპოზიციას მოუმწიფებელი უწოდა - "როგორც კი რაღაც თემას დაინახავენ, რომელზეც ფიქრობენ, რომ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება შეუძლიათ, ეგრევე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს აყენებენ. შემდეგ ამ კომისიის იდეა ავიწყდებათ ხოლმე, არც პლენარულ სხდომაზე გამოქავთ და ა.შ. ეს არასერიოზულია". - თქვა პაპუაშვილმა.


ამ დროისთვის, შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-ია, 12 ადამიანი კი სტიქიის ზონაში კვლავ იძებნება.

რაჭაში, შოვში მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისა და 116-ე – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლებით დაიწყო.

კომენტარები