საწვავის ფასები

კონკურენციის სააგენტომ საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო 5 კომპანია დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავის ფასზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო ხუთი კომპანია დააჯარიმა - ჯამში 4 მილიონ ლარამდე. სააგენტომ შესაბამისი მოკვლევა დაასრულა, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალ ფასებს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დადასტურდა - ლუკოილ-ჯორჯიას, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას, სან პეტროლიუმ ჯორჯიას, სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის და რომპეტროლ საქართველოს მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, 450 590 ლარით დაჯარიმდა ლუკოილ ჯორჯია, 693 576 ლარით ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, 1 073 859 ლარით სან პეტროლიუმ ჯორჯია, 718 986 ლარით სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია და 987 886 ლარით რომპეტროლ საქართველო.

"დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს" - აცხადებს სააგენტო.

კონკურენციის სააგენტოს მოკვლევით:

  • დადგინდა, რომ სან პეტროლიუმ ჯორჯიას, რომპეტროლ საქართველოს, ლუკოილ-ჯორჯიას, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს გამოსაკვლევ პერიოდში, კერძოდ 2022 წლის მარტის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, გააჩნდათ სხვადასხვა და ევროპული წარმოშობის საწვავთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების საწვავი. თუმცა, კომპანიების საცალო საფასო პოლიტიკა იყო იდენტური და პროდუქტის თვითღირებულების ცვლილება არ აისახებოდა საცალო დონეზე;
  • დადგინდა, რომ რომპეტროლ საქართველოს მიერ საცალო ბაზარზე ხდებოდა მაღალი თვითღირებულების მქონე ევროპული წარმოშობის საწვავის საკუთარ საცალო ქსელში გატანა, ხოლო დაბალი თვითღირებულების მქონე ევროპული წარმოშობის საწვავის რეალიზაცია საბითუმო გზით სხვა - მათ შორის კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებზე. მსგავსი ქმედება დაფიქსირდა შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ შემთხვევაშიც. აღნიშნული სააგენტოს პოზიციით შესაძლებელი იყო მხოლოდ კოორდინირებული ქმედების პირობებში;
  • დადგინდა, რომ სან პეტროლიუმ ჯორჯიას, ლუკოილჯორჯიას, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ფასწარმოქმნა ბაზრის საცალო დონეზე, ისევე როგორც საცალო ქსელში ოპერირების საფასო სტრატეგია იდენტური იყო რომპეტროლ საქართველოსი, როგორც ევროპული საწვავის იმპორტიორი კომპანიის საცალო ფასწარმოქმნის სტრატეგიის, რამაც ამ უკანასკნელს, მოსალოდნელი კონკურენციის გამორიცხვის პირობებში, შესაძლებლობა მისცა საცალო ქსელში მოეხდინა მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის რეალიზაცია და პარალელურად საბაჟო საწყობიდან გაეყიდა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების მქონე პროდუქტი;
  • დადგინდა, რომ გამოსაკვლევი პერიოდის განმავლობაში შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წარმომადგენლებს შორის ხორციელდებოდა აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია;
  • დადგინდა, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მიერ 2022 წლის მარტის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში, განხორციელებული კოორდინირებული ქმედებები წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით 110 გათვალისწინებულ შემადგენლობას, კერძოდ ეკონომიკური აგენტების კოორდინირებულ ქცევას, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა - გაყიდვის ფასის არაპირდაპირი დადგენის გზით.

სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში.


საქართველოს მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს 2022 წლის მაისის დასაწყისში დაავალა, დეტალურად შეესწავლა საწვავის ფასები.

"ჩვენი ინფორმაციით, ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე... ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭირო არის, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში, დასკვნა, ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს" - ამბობდა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილი აღნიშნავდა, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობა საწვავის გამყიდველ კომპანიებთან და იმპორტიორებთან შეხვედრას აპირებდა.

"ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო როგორც საწვავის საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. ამიტომ, პრემიერის დავალებით გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალოდ დიალოგი. კონკურენციის სააგენტოს მიგნებები ან უნდა დაადასტურონ კომპანიებმა და შესაბამისად მოხდეს ფასების კორექტირება, ან ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია, არსებობდეს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ფასი კიდევ უნდა შემცირდეს" - ამბობდა დავითაშვილი 2022 წელს.

კომენტარები