საწვავის ფასები

რუსეთიდან შემოტანილ იაფ საწვავს კომპანიები ევროპულის ფასად ყიდდნენ – კონკურენციის სააგენტო

Reuters

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგი ჩაატარა. სააგენტომ დაადგინა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიები მას ევროპული საწვავის იდენტურ ფასად ყიდდნენ.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში საავტომობილო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობით (40.8%) იმპორტი რუსეთიდან მოხდა, მას მოსდევს რუმინეთი (26.5%), ბულგარეთი (13.4%), თურქმენეთი (9.9%), აზერბაიჯანი (7.7%) და სხვა ქვეყნები (1.7%). აპრილი-ივლისის პერიოდში მზარდი იყო რუსეთი ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა საერთო იმპორტში – საერთო იმპორტის 64-65%.

ანგარიშის თანახმად, საცალო ფასებს 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში ზრდის ტენდენცია ჰქონდა საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ქვეყნებში (ბულგარეთი, რუმინეთი) ხოლო ივლისში შემცირდა 7-8 ცენტით, რაც შეეხება საქართველოს, ივლისში ფასი 11 ცენტით გაიზარდა.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავი ხშირ შემთხვევაში ექცევა საბაჟო საწყობში და შესაბამისად დროებითი შენახვის რეჟიმში. საბაჟო საწყობიდან კონკრეტული ეკონომიკური აგენტის მიერ საკუთარ საცალო სარეალიზაციო ქსელში ძირითადად ხდება მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის გატანა, ხოლო დაბალი თვითღირებულების მქონე საწვავის შემთხვევაში ის საბითუმოდ იყიდება სხვა კომპანიაზე, რომელსაც უკვე თავად გააქვს საწვავი ქვეყანაში თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის დონეზე შეადგენდა საშუალოდ 30-70 თეთრს.

2022 წლის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. მათი განმარტებით, მოკვლევის მიზანი საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან კონკურენტული ქცევის და კონკურენციის კანონმდებლობასთან მისი თავსებადობის შესწავლაა.

ამასთან, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 აგვისტოს თქვა, რომ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის ჩატარების რეკომენდაციით თავად მიმართა, რათა "შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების დაცვა და ხომ არ არის რაიმე გადახრა და კეთილსინდისიერების დარღვევა".

კომენტარები