საწვავის ფასი

დავითაშვილი: კონკურენციის სააგენტომ საწვავის ფასები შეისწავლა, საინტერესო მიგნებები აქვს

დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, კონკურენცის სააგენტომ საწვავის ფასები შეისწავლა და "საინტერესო მიგნებები" მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უკვე გაუზიარა. ახლა უკვე მთავრობა საწვავის გამყიდველ კომპანიებთან და იმპორტიორებთან შეხვედრას გეგმავს.

"ბაზარზე ღიად საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყოველ შემთხვევაში, ზრდის ეფექტი არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან, მას ჰქონდა რამდენიმეკვირიანი ინერცია, რაც წანაცვლებით არ აისახა ტაბლოებზე.

ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო როგორც საწვავის საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. ამიტომ, პრემიერის დავალებით გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალოდ დიალოგი. კონკურენციის სააგენტოს მიგნებები ან უნდა დაადასტურონ კომპანიებმა და შესაბამისად მოხდეს ფასების კორექტირება, ან ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია, არსებობდეს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ფასი კიდევ უნდა შემცირდეს" - ამბობს დავითაშვილი.

საქართველოს მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს მაისის დასაწყისში დაავალა, დეტალურად შეესწავლა საწვავის ფასები.

"ჩვენი ინფორმაციით, ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე... ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭირო არის, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში, დასკვნა, ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს" - ამბობდა მაშინ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები