სამხედრო გადატრიალება ნიგერში

ნიგერში სამხედრო ხუნტა პრეზიდენტის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გასამართლებას აპირებს

ნიგერის სამხედრო ხუნტის ლიდერების თქმით, ისინი პრეზიდენტ მოჰამედ ბაზუმის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გასამართლებას აპირებენ. რამდენიმე დღის წინ, ხუნტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი მზად იყვნენ დასავლეთ აფრიკის ბლოკთან, ECOWAS-თან მოლაპარაკებებისთვის. 

"ჩვენ მოვაგროვეთ საჭირო მტკიცებულებები, რათა გავასამართლოთ გაგდებული პრეზიდენტი კომპეტენტური ეროვნული თუ საერთაშორისო სასამართლოების წინაშე". - თქვა სატელევიზიო ჩართვაში ხუნტის პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა ამადუ აბდრამანემ. 

ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

ტჩიანიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გადატრიალებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში უსაფრთხოების მიზნებით ჩაიგდეს.

ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი 26 ივლისის დილის შემდეგ აჯანყებულებს ჰყავთ დაკავებული. მას ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მაკრონის თქმით, აჯანყება "სრულიად არალეგიტიმური" და "ძალიან საშიშია" მთელი რეგიონისთვის. 

კომენტარები