სტიქია რაჭაში

კირთაძე შოვის საგამოძიებო კომისიაზე: ფუჭი იმედების შექმნა მორიგ იმედგაცრუებას მოიტანს

ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ოპოზიციის ნაწილის მიერ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ეხმაურება. კირთაძის თქმით, ეს ინიციატივა საზოგადოების ინტერესებს არ ემსახურება.

„საპარლამენტო დემოკრატიაში საპარლამენტო კომისიის შექმნა, რა თქმა უნდა, სერიოზული ბერკეტია, რომ ზოგად სიტუაციასა და უმრავლესობის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინო. თუმცა, თან აღიარებდე, რომ წლებია, რუსული რეჟიმის პირობებში ცხოვრობ, მსგავსი კომისიების შექმნის მცდელობის გამოცდილება გქონდეს, რომლებსაც ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია და ამ ტრაგედიის ფონზე კვლავ მაინც ამ ინიციატივით გამოდიოდე, არ მგონია, რომ საზოგადოების ინტერესს ემსახურება ". - ამბობს კირთაძე

თენგო კირთაძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გარკვეული ჯგუფების თვითაქტუალიზაციას ემსახურება, რადგან ფუჭ მოლოდინს ქმნის, რომ შედეგი მიღწევადია, რაც რეალურად ასე არ არის და მხოლოდ მორიგ იმედგაცრუებას მოიტანს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, პასუხისმგებელმა პირებმა საგამოძიებო კომისიასა და საზოგადოებას ის საკითხები უნდა განუმარტონ, რაზეც სტიქიასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები არსებობს. 

შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემაც. დოლიძის თქმით, აუცილებლად უნდა დადგეს როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობა სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.

ოპოზიციის ამ მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა. მან ოპოზიციას მოუმწიფებელი უწოდა - "როგორც კი რაღაც თემას დაინახავენ, რომელზეც ფიქრობენ, რომ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება შეუძლიათ, ეგრევე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს აყენებენ. შემდეგ ამ კომისიის იდეა ავიწყდებათ ხოლმე, არც პლენარულ სხდომაზე გამოქავთ და ა.შ. ეს არასერიოზულია". - თქვა პაპუაშვილმა.


რაჭაში, შოვში, ამ დროისთვის 21 პირის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში 12-მდე ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები