სამხედრო გადატრიალება ნიგერში

ნიგერში სამხედრო ხუნტამ საფრანგეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა

ნიგერის არმიის სპიკერი, პოლკოვნიკი ამადუ ადრამანე სატელევიზიო მიმართვის დროს, 2023 წლის 26 ივლისი.

ნიგერში სამხედრო ხუნტამ საფრანგეთი საჰაერო სივრცის დარღვევასა და ქვეყნის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა. არმიის პოლკოვნიკმა ამადუ აბდრამანემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა მაშინ, როდესაც დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოს მეთაურებმა ხვალ, 10 აგვისტოს სამიტზე უნდა განიხილონ სიტუაციის დასტაბილურების სხვადასხვა სცენარი, მათ შორის ხუნტას წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება. 

"რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმა". - ამბობს აბდრამანე ვიდეომიმართვაში მან საფრანგეთი ასევე ხალხის თვალში ხუნტას სანდოობის შელახვასა და დაუცველობის კლიმატის შექმნაში დაადანაშაულა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნიგერის სამხედრო გადატრიალების ლიდერები საფრანგეთს მათი საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ. პარიზი ამის შესახებ ცნობებს უარყოფს. დღევანდელ ბრალდებაზე ჯერჯერობით საფრანგეთს ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია.

ასევე, რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილმა ლიდერმა წამოიწყო მოძრაობა, რომელიც 26 ივლისს სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსულ ძალებს ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, დღეს, 9 აგვისტოს სამხედრო გადატრიალებიდან ორი კვირის შემდეგ, ხუნტამ ახალი პრემიერმინისტრი დაასახელა. ყოფილი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ალი მაჰამან ლამინ ზაინი ნიგერის პრემიერმინისტრის პოსტს დაიკავებს. უკანასკნელ წლებში ზაინი აფრიკის განვითარების ბანკში ჩადში, კოტ დივუარში და გაბონში მუშაობდა.

ნიგერის წინა პრემიერმინისტრი მაჰამადუ უჰუმუდუ სამხედრო გადატრიალებისას ევროპაში იმყოფებოდა. მოსალოდნელია, რომ პრემიერმინისტრი ზაინი უხელმძღვანელებს კონსულტაციებს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

27 ივლისს ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში გადატრიალების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. როგორც მათი შეძახილებიდან ჩანდა, ისინი რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მხარდამჭერებიც იყვნენ და რუსეთის დროშებს აფრიალებდნენ. შემდეგ მათ დაწვეს მანქანები და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის პარტიის სათავო ოფისი დაარბიეს.

ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

ტჩიანიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გადატრიალებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში უსაფრთხოების მიზნებით ჩაიგდეს.

ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი 26 ივლისის დილის შემდეგ აჯანყებულებს ჰყავთ დაკავებული. მას ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მაკრონის თქმით, აჯანყება "სრულიად არალეგიტიმური" და "ძალიან საშიშია" მთელი რეგიონისთვის.

კომენტარები