სამხედრო გადატრიალება ნიგერში

ნიგერში სამხედრო ხუნტამ ახალი პრემიერმინისტრი დაასახელა

J. Scott Applewhite/AP Photo/picture alliance

ნიგერში სამხედრო გადატრიალებიდან ორი კვირის შემდეგ, ხუნტამ ახალი პრემიერმინისტრი დაასახელა. ყოფილი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ალი მაჰამან ლამინ ზაინი ნიგერის პრემიერმინისტრის პოსტს დაიკავებს. უკანასკნელ წლებში ზაინი აფრიკის განვითარების ბანკში ჩადში, კოტ დივუარში და გაბონში მუშაობდა.

ნიგერის წინა პრემიერმინისტრი მაჰამადუ უჰუმუდუ სამხედრო გადატრიალებისას ევროპაში იმყოფებოდა. მოსალოდნელია, რომ პრემიერმინისტრი ზაინი უხელმძღვანელებს კონსულტაციებს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

27 ივლისს ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში გადატრიალების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. როგორც მათი შეძახილებიდან ჩანდა, ისინი რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მხარდამჭერებიც იყვნენ და რუსეთის დროშებს აფრიალებდნენ. შემდეგ მათ დაწვეს მანქანები და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის პარტიის სათავო ოფისი დაარბიეს.

ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

ტჩიანიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გადატრიალებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში უსაფრთხოების მიზნებით ჩაიგდეს.

ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი 26 ივლისის დილის შემდეგ აჯანყებულებს ჰყავთ დაკავებული. მას ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მაკრონის თქმით, აჯანყება "სრულიად არალეგიტიმური" და "ძალიან საშიშია" მთელი რეგიონისთვის.

კომენტარები