სტიქია რაჭაში

შოვში ნაპოვნი 17 ცხედრიდან 12 იდენტიფიცირებულია – რაჭის მაჟორიტარი

ზურა ცერცვაძე/ტაბულა

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილი 17 ცხედრიდან 12 იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ გაავრცელა.

"17 ცხედარია აღმოჩენილი და ყველა ქუთაისში, პროზექტურაშია გადასვენებული. აქედან, 12-ია იდენტიფიცირებული. 6-ის იდენტიფიცირება პოლიციამ შეძლო, 6 ცხედარი კი ოჯახმა ამოიცნო [...] 5 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს". - თქვა ენუქიძემ. 

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს, – მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, დაკარგულებს შორის 7 ან 8 ბავშვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილიდან ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები