ინდოეთი

"პროექტი ავაზა", რომლის მიზანი ინდოეთში ავაზების პოპულაციის ზრდაა, კოლაფსის ზღვარზეა

Siphiwe Sibeko/Reuters

"პროექტი ავაზა", რომლის მიზანი ინდოეთში ავაზების პოპულაციის ზრდაა და რომელსაც პრემიერმინისტრი, ნარენდრა მონდი პირადად უჭერს მხარს, კოლაფსის ზღვარზეა. პროექტის შემაფერხებელი ფაქტორები ძირითადად ავაზებს შორის გულის შეტევები, შეჯვარების პროცესში გამოვლენილი დაზიანებები და თირკმლის პრობლემებია. 

2022 წლის სექტემბერში ნამიბიიდან კუნოს ეროვნული პარკის სპეციალურ ზონებში 8 ავაზა გადაიყვანეს, ხოლო თებერვალში დამატებით 12 ავაზა – სამხრეთ აფრიკიდან. 

ნამიბიიდან ინდოეთში ავაზების გადაყვანის პროცესში პირადად იყო ჩართული ბრიტანელი მილიარდერი, ჰამიშ ჰარდინგი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ატლანტის ოკეანეში ჩაძირულ გემზე იმყოფებოდა და წყალქვეშა კატასტროფას ემსხვერპლა

კუნოს ეროვნული პარკი, რომელიც ოფიციალური პირების მიერ ცხოველებისთვის "შესაფერის ჰაბიტატად" მიიჩნეოდა, მზარდი ყურადღების ქვეშ მოექცა ბოლო რამდენიმე თვეში ცხოველების სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო. ექსპერტების თქმით, აღნიშნულის მიზეზი, შესაძლოა, ცხოველებისთვის შეუფერებელი გარემო, დაუდევრობა ან პარკის პერსონალის კომპეტენტურობის ნაკლებობა იყოს. 

თუმცა, "პროექტ ავაზაზე" მომუშავე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ავაზების სიკვდილი მოსალოდნელი იყო. უფრო მეტიც, პროექტის სამოქმედო გეგმაში ნათქვამია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლის პროგნოზი პირველ წელს დაახლოებით 50% იქნებოდა. ამასთან, ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ინდოეთში ავაზების გრძელვადიანი გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რამდენიმე განსხვავებული პოპულაციის შექმნას. 

აღსანიშნავია, რომ ავაზებს ინდოეთში სიმბოლური მნიშვნელობა აქვს – ის ხშირად გვხვდება ინდურ ფოლკლორულ ნაწარმოებებში. 

ამავდროულად, ავაზა ერთადერთი დიდი ძუძუმწოვარია, რომელიც გადაშენდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1947 წელს. გადაშენების მიზეზად ნადირობის მაღალი მაჩვენებელი, ავაზების ჰაბიტატის შემცირება და საკვების ნაკლებობა სახელდება. 

ამასთანავე, ავაზების რიცხვი მკვეთრად შემცირდა ინდოეთში ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის დროს – როდესაც ბრიტანეთის პოლიტიკურ და სამხედრო ელიტაში ნადირობა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ თავშესაქცევ გართობას წარმოადგენდა. 

კომენტარები