მარცვლეულის შეთანხმება

მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებამ, შესაძლოა, ხორბლის 10-15%-ით გაძვირება გამოიწვიოს – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წინასწარი შეფასებით, "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერებამ, შესაძლოა, ხორბლის 10-15%-ით გაძვირება გამოიწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო, Reuters-ი ავრცელებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა, პიერ-ოლივიე გურინჩასმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება უკრაინიდან მარცვლეულის დიდი მარაგის უზრუნველსაყოფად ეფექტური იყო – მან სურსათზე ფასების ზეწოლა შეამცირა. მისი შეჩერება კი, გურინჩასის თქმით, სავარაუდოდ უარყოფითად აისახება ფასებზე.

"ჩვენ ჯერ კიდევ შეფასების პროცესში ვართ, მაგრამ მარცვლეულის ფასების 10%-დან 15%-მდე ზრდა გონივრული შეფასებაა". – თქვა მან.

ამასთან, გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რუსეთის გამოსვლა ინიციატივიდან, რომელიც გასულ ივლისში თურქეთისა და გაეროს შუამავლობით შედგა, დააზარალებდა იმ რეგიონებს, რომლებიც დიდწილად უკრაინიდან გადაზიდვებზე არიან დამოკიდებული, მათ შორის, ჩრდილოეთ აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს და სამხრეთ აზიას.

სამშაბათს ევროკავშირმა განაცხადა, რომ "სოლიდარობის გზებით" უკრაინის თითქმის მთელი პროდუქციის ექსპორტისთვის მზადაა, რაც გულისხმობს ექსპორტს  სარკინიგზო და საავტომობილო სატრანსპორტო კავშირებით ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან.

აღსანიშნავია, რომ სანამ მარცვლეულის შეთანხმება მოქმედებდა, უკრაინის ექსპორტის დაახლოებით 60% იგზავნებოდა სოლიდარობის გზებით, ხოლო 40% შავი ზღვის გავლით. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

აქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდება. 

კომენტარები