გაგამარჯვების პლატფორმა

ხაბეიშვილი: გამარჯვების პლატფორმა შექმნილია სააკაშვილის გარშემო, ის მთავარი ფაქტორი იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარეებმა ახლადშექმნილი გამარჯვების პლატფორმის შესახებ სამტრედიაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ენმ-ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ პლატფორმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარშემოა შექმნილი და ის ჩართული იქნება ყველა მნიშვნლოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.

"გამარჯვების პლატფორმა შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში. მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ხალხი, ჩვენი ხალხის მსახურება და ამ ხალხის პრობლემებზე ორიენტირება, მოქმედებაში მოყვანა, რათა ეს პრობლემები გადაიჭრას. დანარჩენი, ბლა-ბლა-ბლა და სისულელეები არავის აინტერესებს". – თქვა ლევან ხაბეიშვილმა შეხვედრაზე.

სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პლატფორმის შექმნას "მიშას პარტიასთან" გაერთიანება უწოდა და თქვა, რომ ეს მოსახლეობის დაკვეთა იყო.

"ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელმა ნაციონალურ მოძრაობასთან, მიშას პარტიასთან ერთად, გადავდგით ნაბიჯი გაერთიანებისკენ და ვაყალიბებთ გამარჯვების პლატფორმას იმიტომ, რომ ეს არის თქვენი დაკვეთა. თქვენ, ხალხი, რომელსაც ასე გწადიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, ყოველთვის, სადაც შეგხვდებოდით სულ გვეუბნებით, გაერთიანდით ერთად დადექით, აი, ამიტომ გადავდგით თქვენს გამო გადავდგით, ჩვენი ქვეყნისთვის გადავდგით და ჩვენი სამშობლოს გამარჯვებისთვის გადავდგით ეს ნაბიჯი ჩვენ ყველამ ერთად". – თქვა გიორგი ვაშაძემ.

20 ივლისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკურ ალიანსი – გამრჯვების პლატფორმა შექმნეს. ხაბეიშვილმა სხვა პარტიებსაც მოუწოდა, პლაფტორმას შეუერთდნენ და ამასთან დასძინა, რომ თუ ენმ-სთან ერთად არ შეუერთდებიან ამ ინიციატივას, მაშინ "თავად გააკეთონ და აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი". სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლების თქმით, თუ საჭირო იქნება, ისინი არჩევნებზე 5 ნომრით გამოსვლაზეც თანახმა იქნებიან.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი პლატფორმის შექმნას მიესალმა და ვაშაძესა და ხაბეიშვილის "ძალიან საინტერესო ლიდერები" უწოდა.

"გადავიდა ბნელ მხარეს" – რას ამბობდა სააკაშვილი ვაშაძეზე

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელმა პროპორციულ ნაწილში ხმების 1.34% მიიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 30.67%. ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელს მხარი მოსახლეობის 3.15%-მა დაუჭირა, ხოლო ენმ-ს 27.18%-მა.


პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეას სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მანამდე სტრატეგია აღმაშენებლთან ალიანსში მყოფი დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ "ოპტიმალურ საარჩევნო კონფიგურაციაში ვაშაძე თავის თავს ხედავს ენმ-სთან, დროა კი – არა". 

ასევე აქამდე გაერთიანებაში მყოფი გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ კი აღნიშნა, რომ მისი პარტია ენმ-სთან საერთო საარჩევნო სუბიექტად ყოფნას არ აპირებს. 

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ლელო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ იქნება.

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისინი არცერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან არ გაერთიანდებიან.

კომენტარები