ევროპული საქართველო

ჩერგოლეიშვილი: თუ გაერთიანებას შინაარსი არ აქვს და ხალხისთვის არაფერს ცვლის, რა საჭიროა?

თამარ ჩერგოლეიშვილი

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა [VES] და ტაბულას დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ევროპული საქართველოსთვის გაუგებარია, რა საჭიროა პარტიების გაერთიანება, თუ მას შინაარსი არ აქვს და ხალხისთვის არაფერს ცვლის. 

ჩერგოლეიშვილის განმარტებით, მათთვის საინტერესოა, რას მოუტანს ერთობა ამომრჩეველს და ოპოზიციის ეგოცენტრული პოლიტიკისგან განსხვავებული ხედვა აქვთ. მან ისაუბრა გენოციდის აღიარების, რესტიტუციისა და მართლმსაჯულების პროექტებზე, რომლებიც ხალხისთვის საინტერესო თემად მიაჩნიათ და რომელთა გარშემო ერთობითაც დაინტერესებული არიან. 

"ერთობა ძალიან კარგია - ევროპული მომავლის, ნაფიცი მსაჯულების, მტრის წინააღმდეგ ერთობას რა ჯობია, მაგრამ მას შინაარსი უნდა ჰქონდეს. ჩვენ პოლიტიკის სხვა პარტიებისგან განსხვავებული აღქმა გვაქვს, ძალიან ეგოცენტრულია მათი პოლიტიკა, მე ვერ ვხვდები, მე და სტრატეგია აღმაშენებელი ან მე და ლელო რომ გავერთიანდეთ, ეს ხალხისთვის რას ცვლის. სტრატეგიული ერთობა იქნება თუ შინაარსობრივი, მე მაინტერესებს, რას მოუტანს ის ამომრჩეველს. მე ვარ კონცენტრირებული ამომრჩევლის ინტერესებზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს, მაგალითად, გენოციდის აღიარების პროექტი - ამომრჩეველმა უკვე იცის, რომ ჩვენ თუ გვექნება გავლენა, ვიზრუნებთ იმაზე, რომ საერთაშორისო დონეზე გენოციდად შეფასდეს ქართველების გენოციდი, ის დანაშაულები, რაც აფხაზეთში რუსეთმა ჩაიდინა. ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ეს მიგვაჩნია ხალხისთვის საინტერესო თემად.  

ევროპულ საქართველოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მართლმსაჯულება იყოს უკეთესი და ქართველმა ადამიანმა ცვლილებით ის მიიღოს, რომ სამართალს იპოვის სასამართლოში, არა კლანის პირობებში, არამედ სამართლიან, დაბალანსებულ სასამართლოში და ამისთვის ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რეფორმა გამზადებული. მზად ვართ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ველაპარაკოთ და ველაპარაკეთ კიდეც, ერთი ასეთი შეხვედრა უკვე გაიმართა თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული. გვინდა ერთიანობა იმაზე, რომ შევთანხმდეთ, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი გაფართოვდება და ყველაფერს მოიცავს, რომ მოსამართლეებს ძალაუფლება დავუბალანსოთ მოქალაქეებით და არ იყოს დანიშნული მოსამართლეების გადასაწყვეტი მოქალაქეების ბედი". - ამბობს ჩერგოლეიშვილი.  

მისივე სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ სამეული - გირჩი - მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი და დროა გაერთიანდნენ, დღეს მათი გეგმების შესახებ აღარავინ საუბრობს. ჩერგოლეიშვილის თქმით, როდესაც პარტიები საზოგადოებას ერთობაზე ესაუბრებიან, უნდა აუხსნან, რატომ არ გამოვიდა ის და თუ გამოვიდა, რა ცვლილებებს მოუტანს მათ. 

"ჩვენ გვაქვს რესტიტუციის თემა და გვინდა, რომ ბოლშევიკების მიერ წართმეული ეკლესიები დავუბრუნოთ რელიგიურ უმცირესობებს. გვაინტერესებს ერთობა ამ საკითხის გარშემო, იმიტომ, რომ ვთვლით, თუ ჩვენ ამ თემას დავალაგებთ, მართლმადიდებელ მრევლთან და, მათ შორის, კათოლიკე იქნება ეს თუ სომხური ეკლესიის მრევლი, ეცოდინება, ჩვენი გეგმა რა არის, საკუთარ თავს დაინახავს ჩვენს დღის წესრიგში. დემოკრატიამ და არჩევნებმა რომ იმუშავოს, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში. ნაყიდმა ხალხმმა კი არა, ანთებულმა ადამიანებმა, რომლებიც თვითინტერესს იცავენ". - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი. 


პარტიების ლიდერების ინფორმაციით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და სტრატეგია აღმაშენებელს შორის სტრატეგიულ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები "აქტიურ ფაზაშია". სერგო მანჯგალაძე ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე "საქართველოს ინტერესების გამარჯვებისთვის" ნებისმიერ კომპრომისზე არიან მზად - მათ შორის, თუ საჭირო იქნება, არჩევნებში მონაწილეობას 5 ნომრითაც მიიღებენ. 

კომენტარები