რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

საქართველოში გახშირდა ოპოზიციონერი რუსების არშემოშვების ფაქტები – TDI

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI-ის) კვლევის მიხედვით, ბოლო პერიოდში საქართველოს საზღვრის კვეთის პროცესში სერიოზული დაბრკოლებები ექმნებათ რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ, რეპრესიებს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს, რაც, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოში მათი არშემოშვებით სრულდება. 

კვლევაში მოცემულია რამდენიმე საქმე, მათ შორის რუსი ჟურნალისტის, საქველმოქმედო ფონდის, "Нужна помощь-ისა" და მედიაპორტალის, "акие дела-ს" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, დმიტრი ალეშკოვსკი საქმე. 

"2022 წლის 7 სექტემბერს, ერევნიდან თბილისში ჩაფრენის შემდეგ, სასაზღვრო ჯიხურში მჯდომმა ქალმა, რომელსაც მისი სახელი ფურცელზე ეწერა, იგი პოლიციის ჯიხურისკენ გადაამისამართა; პოლიციის თანამშრომელმა კი, რომელმაც მას მხოლოდ თავისი სახელი გაუმხილა, თანამდებობა კი – არა, დეტალურად გამოჰკითხა საცხოვრებელი ადგილის, საქმიანობისა და საქართველოში ჩამოსვლის მიზნის შესახებ, რის შემდეგაც იგი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე  უკან, ერევანში, დააბრუნეს." - წერია კვლევაში.

ამასთან, 2022 წლის მარტში ქვეყანაში არ შემოუშვეს დამოუკიდებელი რუსულენოვანი გამოცემის, "მედიაზონის" ჟურნალისტი, დევიდ ფრენკელი და დამოუკიდებელი ტელეკომპანია "დოჟდის" ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი. საქართველოში ასევე არ შემოუშვეს რუსეთის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი რუსი მწერალი, ფილიპ ძიადკო.

2022 წლის 16 ივნისს საქართველომ საზღვარზე არ შემოუშვა ყაბარდო-ბალყარელი ბლოგერი, ინსა ლანდერი, რომლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

2023 წლის 14 თებერვალს ფონდის "არა ძალადობას" დამფუძნებელი, რუსი აქტივისტი და უფლებადამცველი, ანა რივინა, რომელიც რუსეთში "უცხოელ აგენტად" არის გამოცხადებული, საქართველოში არ შემოუშვეს.

აღსანიშნია, რომ რუსეთის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების არშემოშვების ფაქტებს შსს არ განმარტავს.

კომენტარები