საქართველო-რუსეთი

კრემლის მიერ უცხოელ აგენტად გამოცხადებული უფლებადამცველი საქართველოში არ შემოუშვეს

ფონდ არა ძალადობის დამფუძნებელი, უფლებადამცელი ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია თავად ანა რივინამ რუსულ დამოუკიდებელ გამოცემას, Kholod-ს დაუდასტურა. 

უფლებადამცველის თქმით, ის ერევანიდან ჩამოფრინდა და მესაზღვრეების გადაწყვეტილებას დაახლოებით სამი საათი ელოდა. რივინამ თქვა, რომ საზღვარზე დიდი ხნის განმავლობაში ლოდინის შემთხვევა აქამდეც ჰქონია, თუმცა მოგვიანებით საზღვრის გადალხვის უფლებას მაინც აძლევდნენ. აღსანიშნავია, რომ ანა რივინა ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს რივინასთვის უარის თქმის მიზეზის დასადგენად დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში პასუხი არ აქვთ.

მომხდარს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ ანა რივინას არ შემოშვება საქართველოს ხელისუფლებაზე ბევრს მეტყველებს.

"ომის პირველ 9 თვეში საქართველოს საზღვარი 1 274 006 -მა რუსმა გადმოკვეთა. მათგან ბევრი ჯერ კიდევ იქ არის.

თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი ანა რივინა, რომელიც ცოტა ხნის წინ კრემლმა უცხოელ აგენტად გამოაცხადა, ქვეყანაში არ შეუშვეს. 

ეს საქართველოს ხელისუფლებაზე ბევრს მეტყველებს." - წერს ევროპარლამენტარი.

კომენტარები