რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

"ნერვული შეტევა მქონდა, ქვეყნიდან მივდივარ, პატიებას გთხოვთ" – რუსეთის მოქალაქე

რუსეთის მოქალაქე, პაველ კოპილკოვი, რომელიც აღმაშენებლის განზირზე ქართველებს აგინებდა, მიმართვას ავრცელებს - კოპილკოვი ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ქვეყანას ტოვებს.  

"რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვედი და ქართველების და ქვეყნის ლანძღვა დავიწყე. ის, რაც მოხდა, მხოლოდ იმით შემიძლია ავხსნა, რომ ნერვული შეტევა მქონდა და გავაკეთე ყველაზე ცუდი რამ, რაც მომაფიქრდა. სიმართლე არის ის, რომ ასე არ ვფიქრობ. იმედი მაქვს, რომ ქართველები დამიჯერებენ და მაპატიებენ.  

ქვეყნიდან მივდივარ, მკურნალობის დაწყება მიწევს. თუ ქართველები გამიგებენ და თუ ამ ქვეყანაში დაბრუნებას შევძლებ, მსურს, როგორმე გამოვისყიდო ჩემი დანაშაული ქართველების წინაშე. სულ ეს არის, კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას". - ამბობს ის. 

შსს-მ კოპილკოვი 6 ნოემბერს დააკავა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, პაველ კოპილკოვი პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილია. 

კომენტარები