საქართველო-რუსეთი

ეიდელმანი: ოპოზიციონერი რუსი ჟურნალისტი, დმიტრი ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი ჟურნალისტი, დმიტრი ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფრომაციას მისი დედა, ცნობილი ანტიპუტინისტი ისტორიკოსი, ტამარა ეიდელმანი ავრცელებს. მისი თქმით, ალეშკოვსკი თბილისში ცხოვრობს და მას ცოლი და შვილი ელოდებიან.

ეიდელმანის თქმით, ალეშკოვსკი მასთან ერთად ორი დღით ერევანში გაემგზავრა, სადაც ის ლექციას მართავდა. საქართველოში დაბრუნებისას კი ალეშევსკი საზღვარზე გააჩერეს, აღარ შემოუშვეს და ერევანში გააბრუნეს.

"გამაოგნებელია, რომ ეს სამარცხვინო ფაქტი ხდებოდა აეროპორტში, სადაც უზარმაზარი ელექტრონული წარწერა ანათებს: Be brave like Ukraine. აი რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლებისთვის სიმამაცე. სწორედ ასე ელაქუცებიან პუტინს, რომელმაც მათი ტერიტორიის ნაწილი მიიტაცა. ცოტა ადამიანი ვიცი, რომელსაც ისე უყვარს საქართველო, როგორც მიტიას. მას თბილისში ცოლი და შვილი ელოდებიან, ესეც არ გაითვალისწინეს. რა სამარცხვინოა!". - წერს ეიდელმანი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ტამარა ეიდელმანი Facebook-ზე კიდევ ერთ პოსტ ავრცელებს, სადაც მომხდარს კიდევ უფრო დეტალურად აღწერს. მისი თქმით, საზღვარზე სხვადასხვა სახის პრობლემები მას და მის შვილს უკანასკნელ 6 თვეში არაერთხელ შეექმნათ.

"უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, ყოველთვის, როდესაც მე ან მიტია საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ვცდილობდით, საათების განმავლობაში გვაჩერებდნენ. არავინ არაფერს არ გვიხსნიდა. ერთხელ 2.5 საათი ვიცდიდი, სანამ ვიღაცა, სადღაც ჩემს პასპორტს შეისწავლიდა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნის გარეშე დაბრუნდნენ და მითხრეს: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში". შემდეგ ეს პროვესიი გააუმჯობესეს, პასპორტებისთვის ფოტოების გადაღება და მათი WhatsApp-ით სადღაც გაგზავნა დაიწყეს. ძალიან სასაცილოა, რომ ისინი გარკვეულ ნებართვას ელოდებიან მაშინაც, როდესაც საქართველოდან გავდივართ. რა მოხდება თუ ისინი არ გაგვიშვებენ?". - წერს ეიდელმანი.

დმიტრი ალეშკოვსკი საქველმოქმედო ფონდის Нужна помощь და მედიაპორტალის Такие дела თანადამფუძნებელია. 2022 წლის ივლისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ალეშკოვსკი მედიასაქმიანობის გამო "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანა.

კომენტარები