რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

მელია: რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებს აგინებდა, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის შვილია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ჩანს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებს აგინებს, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვია. ამის შესახებ მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ პოლიციამ პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

"ის პოლიციამ მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისათვის დააკავა, ისიც საჯარო აღშფოთების ფონზე და დღეს ის უკვე თავისუფალი, მან დატოვა მცხეთის იზოლატორი დაკავებიდან რამდენიმე საათშივე. პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან - სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში". - ამბობს ნიკა მელია.

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, რუსი ოლიგარქი, ალექსანდრ კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის "Boyevoe Bratstvo"-ს სპონსორი, - "ორგანიზაციის რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო სანქციები. კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს რამზად კადიროვთან დაახლოვებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან.

ასე მუშაობს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორების ოჯახებს უშვებს საქართველოში. ვინმე იტყვის, რომ ეს ადამიანები რუსულ რეჟიმს არიან გამოქცეულები, არ სურთ ომი და ამ მოტივით უნდა შევიფაროთ?! მოვუწოდებ ხელისუფლებას, განსაკუთრებით გომელაურს, დღის ბოლომდე გააკეთონ განმარტებითი განცხადება როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე უკრაინული და საერთაშორისო მხარისთვის, როგორ ხდება რომ ამ კონკრეტული ოლიგარქის ოჯახი თბილისში ცხოვრობს". - ამბობს მელია.

შესაბამისი ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთი მოქალაქე ქუჩაში დგას და ქართველების მიმართ იგინება 5 ნოემბერს, Facebook-ზე გავრცელდა. 6 ნოემბერს პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა.

კომენტარები