აშშ-ფინეთი

NATO-ს სამიტის შემდეგ ბაიდენი ალიანსის ახალ წევრს, ფინეთს ეწვია

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჰელსინკიში ჩასვლისას. 2023 წლის 12 ივლისი
Lehtikuva/EMMI KORHONEN

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 11-12 ივლისს ვილნიუსში გამართული NATO-ს სამიტის შემდეგ ფინეთში ჩავიდა და რუსეთის მოსაზღვრე სკანდინავიურ ქვეყანას ალიანსში გაწევრიანება მიულოცა.

ბაიდენი ჰელსინკიში ფინეთის, შვედეთის, დანიის, ნორვეგიისა და ისლანდიის ლიდერებთან ერთად გამართულ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. მისი ვიზიტი ფინეთის დედაქალაქში ტრამპსა და პუტინს შორის გამართული შეხვედრის 5 წლის თავზე შედგა.

ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან ორმხრივი შეხვედრის წინ ბაიდენი ალიანსში ფინეთის გაწევრიანებას მიესალმა და ქვეყანა NATO-ს "შესანიშნავ შენაძენად" მოიხსენია.

"არ ვფიქრობ, რომ NATO ოდესმე უფრო ძლიერი ყოფილა". - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ალიანსის სამიტი წევრი ქვეყნების საერთო ღირებულებებისა და გამოწვევების შეხსენება იყო.

კომენტარი გააკეთა საული ნიინისტემაც, რომელმაც ფინეთის ბლოკში გაწევრიანება ქვეყნისთვის "უსაფრთხოების ახალ ეპოქად" შეაფასა და ბაიდენს უკრაინაზე ფოკუსირებულ ვილნიუსის სამიტზე "ერთობის შექმნისთვის" მადლობა გადაუხადა.

ჰელსინკის სამიტზე ბაიდენი მიესალმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივასაც. 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ერდოღანი შვედეთის ბლოკში გაწევრიანებას დათანხმდა, რითაც ქვეყანას ალიანსის წევრობის გზაზე მთავარი ბარიერი ეხსნება.

ჰელსინკიში მიმდინარე სამიტის ფარგლებში აშშ-ს, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის ლიდერების მიერ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საერთო განცხადება გავრცელდა, რომელშიც ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დადეს პირობა, რომ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

კომენტარები