აშშ-რუსეთი

"აშშ და რუსეთი ახალი გამოწვევების წინაშე დგანან" - პრეზიდენტების პრესკონფერენცია

Guardian

შეხვედრების შემდეგ, რომელიც ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ჟურნალისტების წინაშე ერთობლივი პრესკონფერენციით წარდგნენ. 

მედიას პირველად რუსეთის პრეზიდენტმა მიმართა. 

მან თქვა, რომ "რუსეთი და აშშ სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე არიან, ვინაიდან მოლაპარაკებებზე გამოიკვეთა მათი ურთიერთობების გაუმჯობესების პირველი ნაბიჯები და ნდობის მისაღებ დონემდე აღდგენის შესაძლებლობა".

პუტინმა ისაუბრა კონტრტერორისტულ საქმიანობასა და კიბერუსაფრთხოებაზე. ასევე რუსეთსა და აშშ-ს ურთიერთობის სირთულეებზე. 

"ყველასთვის ცხადია, რომ ორმხრივი ურთიერთობა რთულ პერიოდს გადის, თუმცა, ამ სირთულეებს, ამ დაძაბულ ატმოსფეროს ობიექტური მიზეზები არ აქვს. ცივი ომი დიდი ხანია დასრულდა, ორი ურთიერთდაპირისპირებული სახელმწიფოს იდეა დამთავრდა, ვითარება მსოფლიოში კარდინალურად შეიცვალა. 

როგორც ორი ყველაზე დიდი ქვეყნის ლიდერი, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას მსოფლიო მშვიდობაზე, რუსეთისა და აშშ-ის ინტერესები ყოველთვის საერთო არ არის, მაგრამ საერთო ინტერესები ჭარბობს".  

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სირიაზე და ლტოლვილების სახლებში დაბრუნების მნიშვნელობაზე, ასევე თქვა, რომ აშშ-ს და რუსეთს ამ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდათ. 

პუტინისვე განცხადებით, ის მოხარულია, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხების მოგვარება იწყება. 

"აშშ-მ მეტად გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის მთავრობისთვის ბიძგის მიცემის კუთხით. ჩვენ - მე და პრეზიდენტი ტრამპი შევთანხმდით, რომ შევქმნით რუსი და ამერიკელი ბიზნესმენების მაღალი დონის სამუშაო ჯგუფს". 

პუტინის თქმით, ტრამპმა შეხვედრაზე აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი წამოწია. 

"მე მომიწია გამემეორებინა ის, რაც ადრეც მითქვამს: რუსეთი არასდროს ჩარეულა და არ გეგმავს ჩაერიოს რუსეთის საშინაო პოლიტიკაში, არჩევნების ჩათვლით. თუ მსგავსი საკითხი წამოიწევა, ჩვენ მზად ვართ, ერთად განვიხილოთ". 

პუტინის შემდეგ ტრიბუნიდან განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა: 

"ჩვენ გვქონდა პირდაპირი, ღია, ღრმად პროდუქტიული დიალოგი, რომელიც კარგად წარიმართა. 

უთანხმოებები ორ ქვეყანას შორის ყველასთვის ცნობილია. მე და პრეზიდენტი პუტინი ამას მთელი დღის განმავლობაში განვიხილავდით. პრობლემებზე, რომლებიც ამ ორ ქვეყანას აქვს, ბევრი სამუშაო გვაქვს. ცივი ომის დაძაბულობის დროსაც კი, როცა მსოფლიო სრულიად განსხვავებული იყო, ვიდრე ახლაა, რუსეთს და აშშ-ს შეეძლოთ დიალოგის წარმართვა. მე ვთქვი, რომ ჩვენი ურთიერთობა არასდროს ყოფილა იმაზე ცუდი, ვიდრე ახლაა. თუმცა, ეს დაახლოებით 4 საათის წინ შეიცვალა. 

ჩვენ ვისაუბრეთ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ. ვფიქრობ, ეს მისთვის პირადად უნდა მეთქვა. ჩვენ შესანიშნავი შეთანხმება დავდეთ ამაზე საუბრისას. მას [პუტინს] საინტერესო იდეა აქვს. 

რაც შეეხება სირიას, ვფიქრობ, რუსეთს შეეძლო ასობით ათასი სიცოცხლის გადარჩენა სირიაში. 

ეს იყო ძალიან კონსტრუქციული დღე, ძალიან კონსტრუქციული 4 საათი, რომელიც ჩენ ერთად გავატარეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ შევხვდებით", - თქვა ტრამპმა. 

დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა ჰელსინკიში, რომელსაც მხოლოდ მათი თარჯიმნები ესწრებოდნენ, 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მათ ოფიციალურ ვახშამზე გადაინაცვლეს, სადაც ერთმანეთს გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ. მას აშშ-ის მხრიდან აშშ-ის ელჩ რუსეთში ჯონ ჰანთსმენი, აშშ-ის სახელმწფო მდივანი მაიკ პომპეო, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ჯონ კელი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯობ ბოლტონი და რუსეთის საკითხებში ტრამპის მრჩეველი, ფიონა ჰილი დაესწრნენ. 

რუსეთის 6 ადამიანისგან შემდგარ დელეგაციაში კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი იყვნენ. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრები დაგვიანებით დაიწყო, ვინაიდან ვლადიმირ პუტინი ჰელსინკიში რამდენიმე საათით გვიან ჩაფრინდა, ტრამპმა კი პრეზიდენტის სასახლეში, შეხვედრის ადგილას დააგვიანა. მედიამ და ექსპერტებმა მათ ამ ნაბიჯებს "პოლიტიკური თამაში" უწოდეს. 

კომენტარები