პრაიდის ფესტივალი

Pride Fest-ის ჩაშლაში მონაწილე 2 პირი შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ Tbilis Pride Fest-ის ჩაშლაში მონაწილე ძალადობრივი დაჯგუფების 2 წევრი დაკავებულია. როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს. 

ამას გარდა, შსს-მ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. 

Tbilisi Pride Fest 2023 გუშინ, 8 ივლისს, 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ორკ-ქოცები შეიკრიბნენ და ფესტივალისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა". 

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, "ადგილზე მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის". მისი თქმით, "ყველა აქცია შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი, ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყოფილიყო თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია და "ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, განეხორციელებინა თავისი მანდატი". 

"თუმცა, თქვენ კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ეს იყო გაშლილი ტერიტორია, კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს, შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ კორდონები პოლიციის, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანოზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ, ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები