პრაიდის ფესტივალი

ენმ Pride Fest-ის ჩაშლაზე: ხელისუფლების შექმნილი ძალადობრივი დაჯგუფებები მათ დასაყრდენად იქცა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ორკ-ქოცების მიერ Pride ფესტივალის ჩაშლას გამოეხმაურა. პარტიის თქმით, ხელისუფლების მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი დაჯგუფებები ქართული ოცნების მთავარ დასაყრდენად იქცა.

"საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია, მოქალაქეთა უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამასთანავე, ხელისუფლება ვალდებულია, რომ არეულობა, მასობრივი ძალადობა და განუკითხაობა არ დაუშვას. ფაქტია ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყავს. ხელისუფლების მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი დაჯგუფებები რუსული ოცნების მთავარ დასაყრდენად იქცა. სწორედ მათი ხელით, ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი არარსებული გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ბინძურ პროპაგანდას აწარმოებს, რომლითაც საზოგადოების ნაწილის დასავლურ იდეასთან დაპირისპირებას ცდილობს. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. საზოგადოების დაყოფაზე, ძალადობაზე, ზიზღსა და დაპირისპირებაზე დაფუძნებული სახელისუფლებო პოლიტიკა აუცილებლად დამარცხდება. საქართველო რუსული რეჟიმისგან აუცილებლად გათავისუფლდება. საქართველოს აუცილებლად ეყოლება ევროპული ტიპის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს". - წერია ენმ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Tbilisi Pride Fest 2023 დღეს, 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ორკ-ქოცები შეიკრიბნენ და ფესტივალისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა". 

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, "დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის". მისი თქმით, "ყველა აქცია შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი, ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მოვიდა ძალიან დიდი რაოდნეობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყოფილიყო თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია და "ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, განეხორციელებინა თავისი მანდატი". 

"თუმცა, თქვენ კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ეს იყო გაშლილი ტერიტორია, კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს, შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ კორდონები პოლიციის, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანოზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ, ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები