პრაიდის ფესტივალი

აშშ ოცნებას: პასუხისგებაში მიეცით კანონდამრღვევები, ნათლად აჩვენეთ, რომ ძალადობა მიუღებელია

ამერიკის საელჩო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს,  პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც პრაიდის ფესტივალის ჩაშლით კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.

"დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია" - ნათქვამია განცხადებაში.

Tbilisi Pride Fest 2023 დღეს, 8 ივლისს, 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ორკ-ქოცები შეიკრიბნენ და ფესტივალისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა". 

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, "დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის". მისი თქმით, "ყველა აქცია შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი, ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მოვიდა ძალიან დიდი რაოდნეობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყოფილიყო თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია და "ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, განეხორციელებინა თავისი მანდატი". 

"თუმცა, თქვენ კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ეს იყო გაშლილი ტერიტორია, კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს, შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ კორდონები პოლიციის, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანოზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ, ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები