პრაიდის ფესტივალი

გირჩი-მეტი თავისუფლება Pride ფესტივალის ჩაშლაზე: პოლიცია ივანიშვილსა და მის ძალაუფლებას იცავს

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლება ორკ-ქოცების მიერ Pride ფესტივალის ჩაშლას გამოეხმაურა. პარტიის განცხადებით, საქართველოში პოლიცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ძალაუფლებას იცავს.

"ამ ქვეყანაში პოლიცია იცავს ივანიშვილს, მის ძალაუფლებასა და ქვეყნის განვითარების ვექტორის მცოცავ ცვლილებას რუსეთისკენ. ამ ქვეყანაში ოცნება აერთიანებს სუს-ს, პოლიციას, მურუსიძის სასამართლოს, საპატრიარქოს მრევლს, კრიმინალურ სამყაროს, რომლებშიც გადაზელილია ის ორკების არმია, რომელიც დღეს ვიხილეთ. ამ ხალხზე დგას დღეს აქ რუსეთიც, ბიძინაც და მისი ნებისმიერი მონაც. არავინ მათ არ მოექცევა ისე, როგორც ექცევიან იმ ხალხს, ვინც რუსეთს/ბიძინას ებრძვის. მით უმეტეს, არავინ მათ არ დაშლის წყლით, გაზითა და ხელკეტებით. "მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ"-საც კი არ ჩაურთავენ. რუსეთი თავის დასაყრდენ ტოტს არ მოჭრის. ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა მტრის ინტერესებშია. ეს სიბნელე მარტივად არ დასრულდება და სანამ ყველასთან დააკაკუნებს, უნდა გამოვფხიზლდეთ. რუსული ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ". - წერია პარტიის განცხადებაში. 


Tbilisi Pride Fest 2023 დღეს, 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ორკ-ქოცები შეიკრიბნენ და ფესტივალისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა". 

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, "დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის". მისი თქმით, "ყველა აქცია შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი, ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მოვიდა ძალიან დიდი რაოდნეობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყოფილიყო თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია და "ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, განეხორციელებინა თავისი მანდატი". 

"თუმცა, თქვენ კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ეს იყო გაშლილი ტერიტორია, კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს, შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ კორდონები პოლიციის, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანოზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ, ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები