პრაიდის ფესტივალი

გერმანიის ელჩი: სევდიანი დღე თბილისში, დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი
ტელეკომპანია ფორმულა

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეფასებით, Tbilisi Pride Fest 2023-ის ჩაშლის შედეგად საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაირღვა.

"სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, ასევე დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა თბილისი პრაიდს". - წერს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი Twitter-ზე.


Tbilisi Pride Fest 2023 დღეს, 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ქოც-ორკები შეიკრიბნენ და ფესტივალისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა". 

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, "დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის". მისი თქმით, "ყველა აქცია შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი, ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მოვიდა ძალიან დიდი რაოდნეობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყოფილიყო თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია და "ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, განეხორციელებინა თავისი მანდატი". 

"თუმცა, თქვენ კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ეს იყო გაშლილი ტერიტორია, კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს, შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ კორდონები პოლიციის, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანოზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ, ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები