პრაიდის ფესტივალი

შსს არ უზრუნველყოფს დემონსტრანტთა უსაფრთხოებას – პარლამენტთან ჩანიშნული აქცია გაუქმდა

"იმის გამო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ და არ უზრუნველყოფს მშვიდობიან დემონსტრანტთა უსაფრთხოებას, დღეს ჩანიშნული საპროტესტო აქცია უქმდება" – Tbilisi Pride Fest-ის ჩაშლის გამო დაგეგმილი აქცია გაუქმდა.

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოძალადე ჯგუფები პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან.
იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ხელისუფლების განშტოებები, შსს და ჰომოფობიური მოძალადე ჯგუფები ერთად მუშაობენ, რისი თქმის საშუალებასაც დღეს განვითარებული მოვლენებიც გვაძლევს, ჩნდება ინდივიდუალური უსაფრთხოების დიდი პრობლემა.

რადიკალური ჯგუფები მზად არიან ფიზიკურად გაუსწორდნენ ყველას, ვინც თვალში არ მოუვათ. 
შსს არ იყენებს პროპორციულ ძალას და არ იცავს მშვიდობიან მოქალაქეებს მოძალადე ჯგუფებისაგან.

ჯიუტი არ აპირებს სახელმწიფოსა და მოძალადე ჯგუფების ერთობლივ პროვოკაციაზე წამოგებას, რაც ადამიანთა ფიზიკური დაზიანებით შეიძლება დასრულდეს.

იმის გამო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ და არ უზრუნველყოფს მშვიდობიან დემონსტრანტთა უსაფრთხოებას, დღეს ჩანიშნული საპროტესტო აქცია უქმდება". - წერენ ორგანიზატორები.

აქცია პარლამენტთან 20:00 საათზე იყო ჩანიშნული.


Tbilisi Pride Fest 2023 დღეს, 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ქოც-ორკები შეიკრიბნენ და ფესტივალისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა". 

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, "დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის". მისი თქმით, "ყველა აქცია შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი, ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მოვიდა ძალიან დიდი რაოდნეობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყოფილიყო თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია და "ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, განეხორციელებინა თავისი მანდატი". 

"თუმცა, თქვენ კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ეს იყო გაშლილი ტერიტორია, კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს, შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ კორდონები პოლიციის, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანოზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ, ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები