პრაიდის ფესტივალი

დაიცავი გამოხატვის თავისუფლება – Pride fest-ის ჩაშლის გამო, პარლამენტთან აქცია გაიმართება

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება" – Pride fest 2023-ის ჩაშლის გამო, პარლამენტთან აქცია გაიმართება. 

"დღეს, ქართული ოცნების მიერ წახალისებულმა და პოლიციის უმოქმედობით გათამამებულმა მოძალადე ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით ჩაშალეს პრაიდის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული მშვიდობიანი, დახურული ღონისძიება. დაწვეს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდათ. თუ გგონია, რომ ეს ნორმალურია, მშვიდად იჯექი სახლში. თუ გგონია, რომ ცეცხლი შენს კარებამდეც მოვა, გამოდი გარეთ!

მაშინ, როდესაც ხელისუფლება არ იცავს ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას, ეს უნდა გააკეთოს ხალხმა, ანუ ჩვენ. უმცირესობის უფლებათა დაცვა არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი. მოდი რუსთაველზე" - წერენ ორგანიზატორები.

აქცია 20:00-ზე დაიწყება.


Tbilisi Pride Fest 2023 დღეს, 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ქოც-ორკები შეიკრიბნენ და ფესტივალისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა". 

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, "დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის". მისი თქმით, "ყველა აქცია შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი, ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მოვიდა ძალიან დიდი რაოდნეობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყოფილიყო თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია და "ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, განეხორციელებინა თავისი მანდატი". 

"თუმცა, თქვენ კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ეს იყო გაშლილი ტერიტორია, კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს, შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ კორდონები პოლიციის, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანოზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ, ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები