საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი უკრაინაზე: ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება

ქართული ოცნება

"ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება". - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საქმეზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელჩის კონსულტაციაზე დაბარებასა და მისთვის თბილისში ჩამოსვლის შეთავაზებაზე. 

"ეს არის კაპრიზი, როდესაც სააკაშვილის მიმართ არის დამოკიდებულება, რომ მიუხედავად იმისა, არის დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ მოპყრობა არის სათანადო, ერთიც დამტკიცებულია და მეორეც დამტკიცებულია, მაინც ხდება ამ ყალბი მიზეზით გადაყვანის მოთხოვნა და ა.შ. კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობა". - თქვა პაპუაშვილმა. 

3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. 

სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს". 

4 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსახატად საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი დაიბარა და მას კონსულტაციებისთვის თბილისში ჩასვლა შესთავაზა. უწყებამ განმარტა, რომ სააკაშვილის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა.   

საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება "გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია".

კომენტარები