საქართველო-უკრაინა

დარჩიაშვილი ელჩის დაბარებაზე: უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის დაბარებას გამოეხმაურა. დარჩიაშვილის თქმით, უკრაინის ეს გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო.

"მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო უკრაინაში საქართველოს ელჩს და თითოეულ დიპლომატს, რომლებიც ძალიან რთულ პერიოდსა და გარემოში, ერთი მხრივ, კიევში საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდნენ, მეორე მხრივ კი ეს იყო მათი დამოკიდებულება, რომ ადგილზე, უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის მხარი აქტიურად დაეჭირათ. ერთი დღე არ გაუჩერებიათ მუშაობა და არცერთ დიპლომატს კიევი არ დაუტოვებია. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო ის გადაწყვეტილება, რაც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ აქამდეც ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან საქართველოს მისამართით გაუგებარი და უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ. ტრადიციულად, ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხისა და ქვეყნის მისამართით. მომავალში აუცილებლად გვექნება დრო იმისთვის, რომ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში ვიმსჯელოთ, თუმცა, დღეს ჩვენ იმ პოზიციას ვარჩევთ, რაც გვაქვს და გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ელჩი საქართველოში დაბრუნდება". - თქვა დარჩიაშვილმა.

4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსახატად საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი დაიბარა და მას კონსულტაციებისთვის თბილისში ჩასვლა შესთავაზა. უწყებამ განმარტა, რომ სააკაშვილის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა.  

3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალას, სადაც მისი მდგომარეობა ჩანს, საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხმაურება მოჰყვა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დავავალე. გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა მის დედაქალაქთან კონსულტაციები გამართოს". - წერს ზელენსკი.

კომენტარები