უკრაინაში საქართველოს ელჩი

ელჩი: განემარტათ, რომ შეშფოთება სააკაშვილთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის თქმით, ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა გუშინ, სადაც მას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უკრაინის პოზიციის შესახებ აუწყეს. 

ტვ იმედის ეთერში გასულ სატელეოფონო ჩანაწერში ელჩი ზაქარაშვილი ამბობს, რომ ის დაეთანხმა საგარეო უწყების წინადადებას, რადგანც ეს იყო "უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა". დიპლომატი აღნიშნავს, რომ მოცემულ თემაზე მან ქართული მხარის პოზიციაც განმარტა. 

ზაქარაშვილი აუდიო ჩანაწერში ამბობს, რომ მან უკრაინულ მხარეს განუმარტა თუ როგორ უშლის ეს მოვლენა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და "ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის, კომუნიკაციისათვის".

"გუშინ დილით შეხვედრა მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ პერებლინისთან, რომელმაც შეხვედრის მსვლელობისას მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია მაუწყა და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც ცხადია, დავეთანხმეთ, ვინაიდან, ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა. თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არა ერთხელ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აღინიშნა, რომ ცხადია, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და, შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის, კომუნიკაციისათვის.

უკრაინის მხარემ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან, საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის, ყველა საერთაშორისო მოედანზე-გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოში, ანუ, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება. აქ ყველგან საქართველო იდგა უკრაინის გვერდით, ისევე, როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა ინტერვენციის პირველივე დღეებიდან, ასევე გაკეთდა სხვა ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის, 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად და ჩემ მიერ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, ეს პროექტები აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან, როგორც მინისტრმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო უკრაინელი ხალხის და მეგობარი ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს".-განაცხადა ზაქარაშვილმა . 


4 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსახატად საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი დაიბარა და მას კონსულტაციებისთვის თბილისში ჩასვლა შესთავაზა. უწყებამ განმარტა, რომ სააკაშვილის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა.  

3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალას, სადაც მისი მდგომარეობა ჩანს, საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხმაურება მოჰყვა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დავავალე. გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა მის დედაქალაქთან კონსულტაციები გამართოს". - წერს ზელენსკი.

კომენტარები