საფრანგეთი

მაკრონმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანეულ მაკრონმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გერმანიაში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი გადადო.

პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობას პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა. მოსახლეობა და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი ცნობით, პარასკევსა და შაბათ ღამით 1 300-მდე დემონსტრანტი დააკავეს.

"შიდა ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საფრანგეთში დარჩენა სურს". - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

ამ დროისთვის მაკრონის ვიზიტის ახალი თარიღის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც 2-4 ივლისს იყო დაგეგმილი, მიზნად ისახავდა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მიერ ისეთი თემების განხილვას, როგორიცაა ენერგოპოლიტიკა და ასევე ჩინეთთან დაკავშირებული საკითხები. 


შეგახსენებთ, რომ 17 წლის მოზარდს, რომელიც წარმომავლობით ჩრდილოეთ აფრიკიდან იყო, პოლიციის თანამშრომელმა სავარაუდოდ მას შემდეგ ესროლა, რაც მისი ავტომობილი მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს. ოფიცერი ამჟამად დაკავებულია და მისი დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ პარიზის გარეუბნებში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებასა და ძალის გამოყენებას საფრანგეთის მოსახლეობა აქამდეც აპროტესტებდა. მოქალაქეები ქუჩაში ეთნიკურად მრავალფეროვან უბნებში სამართალდამცავების სისასტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 

28 ივნისს, პროტესტის მეორე დღეს დამატებით 2000 პოლიციელი იყო ადგილზე მობილიზებული. პროტესტმა ძალადობრივი სახე მიიღო. შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დემონსტრანტებმა დაწვეს ათობით მანქანა, ცეცხლი წაუკიდეს და თავდასხმა სცადეს მერიის, ბანკის, სკოლებისა და პოლიციის განყოფილების შენობებზე. 

კომენტარები