საფრანგეთი

პოლიციელის მიერ მოზარდის მკვლელობის გამო გამართულ აქციებზე საფრანგეთში 150 პირი დააკავეს

Zakaria Abdelkafi/AFP

პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობას ქუჩებში დემონსტრაციები მოჰყვა. მოსახლეობა და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებების დროს 24 ოფიცერი დაშავდა და 150 დემონსტრანტი დააკავეს. 

მოზარდს, რომელიც წარმომავლობით ჩრდილოეთ აფრიკიდან იყო, პოლიციის თანამშრომელმა სავარაუდოდ მას შემდეგ ესროლა, რაც მისი ავტომობილი მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს. ოფიცერი ამჟამად დაკავებულია და მისი დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. პარიზის გარეუბნებში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებასა და ძალის გამოყენებას საფრანგეთის მოსახლეობა აქამდეც აპროტესტებდა. მოქალაქეები ქუჩაში ეთნიკურად მრავალფეროვან უბნებში სამართალდამცავების სისასტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 

28 ივნისს, პროტესტის მეორე დღეს დამატებით 2000 პოლიციელი იყო ადგილზე მობილიზებული. პროტესტმა ძალადობრივი სახე მიიღო. შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დემონსტრანტებმა დაწვეს 40-მდე მანქანა, ცეცხლი წაუკიდეს და თავდასხმა სცადეს მერიის, სკოლებისა და პოლიციის განყოფილების შენობებზე. 

"არაფერი, საერთოდ არაფერი ამართლებს ახალგაზრდა კაცის სიკვდილს. მინდა მთელი ერის სახელით გამოვხატო ნაელის სიკვდილთან დაკავშირებით მწუხარება, სოლიდარობას ვუცხადებ მის ოჯახს... ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, რათა სამართლიანობა აღსრულდეს. ჩვენ ვერ დავუშვებთ მდგომარეობის გაუარესებას". - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში. 

კომენტარები