პრიგოჟინის ამბოხება

ერდოღანმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა

AP

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში რუსეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ერდოღანმა სამხედრო არეულობის ფონზე რუსეთის ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. 

"თურქული მხარის ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა. რუსეთის პრეზიდენტმა ინფორმაცია გადასცა შეიარაღებული აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ". - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მოხსენებაში. ამასთან, კრემლის უწყებით, თურქეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს არსებულ ფონზე რუსეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. 

სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა წვლილი შეიტანოს ვითარების მოგვარებაში. 

"პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. საუბრისას რუსეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ვითარების სწრაფად მოგვარებაში". - ამბობს თურქულმა მხარე. 


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

კომენტარები