პრიგოჟინის ამბოხება

აკუნინი რუსეთის მოვლენებზე: სამოქალაქო ომის შემდეგ ამ მასშტაბის სამხედრო ამბოხი არ ყოფილა

TASS

წარმოშობით ქართველი რუსი მწერალი გრიგორ ჩხარტიშვილი, ცნობილი ფსევდონიმით ბორის აკუნინი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს ბოლო 100 წლის განმავლობაში მომხდარ სამ რუსულ აჯანყებაზე, რომელიც მისივე თქმით, სამი სხვადასხვა შედეგით დასრულდა. აკუნინი დასძენს, რომ ამჯერადაც მოვლენები ამ სამი სცენარიდან რომელიმეს მიხედვით განვითარდება. 

"რუსეთის სახელმწიფო ჩვენ თვალწინ იშლება. ამ მასშტაბის სამხედრო ამბოხი სამოქალაქო ომის შემდეგ არ ყოფილა. თავად დიქტატორმა, სტაბილურობის გარანტმა, მოაწყო ამგვარი ბანანის ტურბულენტობა. თავდაპირველად კანონის დარღვევით ქმნის დაქირავებულთა ცუდად კონტროლირებად შეიარაღებულ სტრუქტურას, რომელიც მემარცხენე, გადასახადებისგან თავისუფალი შემოსავლით ფინანსდება. შემდეგ იბირებს და ქირაობს სისხლის სამართლის დამნაშავეებს. ეს ყველაფერი ხდება დიქტატორის პერსონალური ომის ფონზე, რომელიც მან მხოლოდ საკუთარი ეგოს მოსაფხანად დაიწყო. მშვიდ რუსეთს თავი მხრებში აქვს ჩარგული და უყურებს, როგორ მხნედ მიჰყავს კაპიტანს გემი აისბერგისკენ. ასე იშლებიან იმპერიები - უხსოვარი დროიდან, ძველი რომიდან მოყოლებული, მაგრამ ისტორიული პარალელების საძიებლად ძალიან შორს არ წავიდეთ წავალთ.

1. გენერალ კორნილოვის გამოსვლა 1917 წლის აგვისტოში. უზენაესმა ხელისუფალმა კერენსკის სახით თვითონ შექმნა განცდა მთავარსარდალში, რომ ის იყო სამშობლოს ერთადერთი მხსნელი, თავად გააღვივა პატრიოტული ისტერია - შემდეგ უკან დაიხია, როდესაც მრისხანე გენერალმა დედაქალაქისკენ "ველური დივიზია" დაძრა. როგორც ახლა, ამბოხი მაშინაც პერიფერიაში დაიწყო, რამაც წინასწარ განსაზღვრა მისი ბედი. საკმარისი აღმოჩნდა კომუნიკაციების დაბლოკვა და მსვლელობა დედაქალაქისკენ ჩაიშალა. ჯერ კიდევ ბალახისმჭამელთა დროება იყო, ამიტომ მეამბოხე უბრალოდ დააპატიმრეს.

2. აღმოსავლეთის ფრონტის სარდლის, სოციალ-რევოლუციონერ მიხეილ მურავიოვის ამბოხი 1918 წლის ივლისში. ეს მოხდა იმის გამო, რომ მთავარსარდალი აღაშფოთა როგორც ბოლშევიკების მიერ მოწყობილმა მისი თანაპარტიელების ხოცვა-ჟლეტამ, ასევე სახალხო კომისართა საბჭოს მიერ ბრესტის ზავის დადებამ და რუსეთის შერცხვენამ. ბოლშევიკებმა, დროებითი მთავრობისგან განსხვავებით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დახვრიტეს მურავიოვი.

3. წითელი არმიის დონის კორპუსის მეთაურის ფილიპ მირონოვის აჯანყება 1919 წლის სექტემბერში. როგორც ახლა, მაშინაც აჯანყება არ ისახავდა მიზნად ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას და ყველა მხრივ გამოხატავდა ლოიალობას ლენინის მიმართ. როგორც ახლა, აჯანყებულებმა მაშინაც მტრად გამოაცხადეს ომის მინისტრი (სახალხო კომისარი) ტროცკი. ამბოხება მშვიდობიანად დასრულდა: კორპუსმა კვლავ დაიწყო ბრძანებების შესრულება, მირონოვი კი მეთაურად დააწინაურეს (თუმცა, შემდეგ კი მაინც დახვრიტეს).

მალე ვნახავთ, რა სცენარს გაჰყვება პრიგოჟინის პუტჩი - კორნილოვის, მურავიოვის თუ მირონოვისას. ყოველ შემთხვევაში, გადატრიალებები ასეთი გამოხდომების შედეგად არ ხდება". - წერს ბორის აკუნინი.


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

კომენტარები