პრიგოჟინის ამბოხება

პატრიარქი კირილი: ქვეყანაში უთანხმოების დათესვის ნებისმიერი მცდელობა უდიდესი დანაშაულია

Alamy Stock Photo

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს პატრიარქ კირილის ახალ მიმართვას, რომელშიც იგი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერაზე საუბრობს და ასევე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წევრებს დაფიქრებისკენ მოუწოდებს

"როდესაც მტრები ყველა ღონეს ხმარობენ რუსეთის განადგურებისთვის, ქვეყანაში უთანხმოების დათესვის ნებისმიერი მცდელობა არის უდიდესი დანაშაული, რომელსაც არ აქვს გამართლება. როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, მოვუწოდებ მათ, ვინც აიღო იარაღი და მზად არის გამოიყენოს იგი თავისი ძმების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს. მე მხარს ვუჭერ სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში არეულობის თავიდან აცილებისკენ". - ამბობს კირილი. 

გარდა ამისა, მიმართვაში კირილმა აღნიშნა, რომ "სამხედრო დაპირისპირება ერთგვარი გამოცდაა". მან მოუწოდა რუსებს, შეინარჩუნონ ეროვნული ერთიანობა, ასევე მთელი ძალით მხარი დაუჭირონ ჯარისკაცებსა და ერთმანეთს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი დაწყების დღიდან პატრიარქი კირილი ომის მხარდამჭერია. იგი თავის ქადაგებებში ხშირად ახსენებს სამხედრო მოქმედებებს და ასევე ამართლებს შეჭრის მიზეზებს. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთის დასუსტების მიზნით გარე ძალების მიერაა პროვოცირებული.


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

კომენტარები