აშშ-ჩინეთი

პეკინში ვიზიტისას ბლინკენი ჩინელ დიპლომატებთან ერთად პრობლემურ საკითხებს განიხილავს

პეკინში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკვე შეხვდა ჩინეთის ამჟამინდელ და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრებს, ცინ კანგსა და ვანგ ის. შეხვედრისას განხილული იყო აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის ტაივანის საკითხი. 

გუშინ ბლინკენი ჩინეთის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს, ცინ კანგს შეხვდა. ლიდერებს შორის მოლაპარაკებები შვიდ საათ-ნახევარი გაგრძელდა. ვაშინგტონმა შეხვედრა შეაფასა, როგორც გულწრფელი და კონსტრუქციული. 

ვიზიტის ბოლო დღეს ასევე ხანგრძლივი შეხვედრა გაიმართა ბლინკენსა და ვანგ ის შორის. 
 
ჩინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესების საწყისი მიზეზი ჩინეთთან დაკავშირებით აშშ-ს მცდარი წარმოდგენებია. 

"ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ხალხს, ისტორიასა და სამყაროს, უნდა შემოვატრიალოთ აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობის დაღმავალი სპირალური ესკალაცია". - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვანგმა ბლინკენთან შეხვედრისას.

ვანგ იმ აშშ-ს მოუწოდა შეწყვიტოს ჩინეთიდან მოსალოდნელ საფრთხეზე სპეკულაციური განცხადებების გავრცელება, ჩინეთის ტექნოლოგიური და სამეცნიერო პროგრესის შეფერხება და თავი შეიკავოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან. 

რაც შეეხება ტაიავნის საკითხს, ჩინეთის ლიდერების თქმით, ისინი არ აპირებენ კომპრომისზე ან დათმობაზე წასვლას. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მოგვიანებით ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგსაც შეხვდება. 

ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ბლინკენი არის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი რომელიც ჩინეთს ეწვია. მისი ვიზიტი თავდაპირველად თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩინური საჯაშუშო ბუშტების ჩამოგდების შემდეგ ბლინკენმა ვიზიტი გააუქმა.


აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მუდმივად დაძაბულია. გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს. ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში 5-6 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

მაისის ბოლოს ჩინეთმა აშშ-ს შეთავაზებაზე სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა, უარი თქვა.

მალევე, ცნობილი გახდა მაისში მომხდარი ინციდენტის შესახებაც, რომლის დროსაც ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სიახლოვეს "არასაჭირო აგრესიული" მანევრი განახორციელა.

მსგავსი შემთხვევა მოხდა ივნისის დასაწყისშიც, როცა ტაივანის სრუტეში მცურავ აშშ-ს შეიარაღებული ძალების კუთვნილ Chung-Hoon გამანადგურებელს ჩინური სამხედრო ხომალდი სახიფათოდ მიუახლოვდა და გზა გადაუჭრა.

9 ივნისს WSJ-მ გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მასალებზე წვდომის მქონე ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია კუბაზე ჩინური საჯაშუშო ბაზის განთავსების შესახებ. ამერიკული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია თავდაპირველად არ დაადასტურეს ან ნაწილობრივ უარყვეს, თუმცა, მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჩინეთის საჯაშუშო ბაზა კუნძულზე 2019 წლიდან, ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან ფუნქციონირებდა და ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაცია იმავე ინფორმაციას ფლობდა, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია.

ზემოთ მოყვანილის გათვალისწინებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ჩართულობის ნაკლებობა ცაში ან ზღვაზე მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში კომუნიკაციების კრიზისული მექანიზმის არარსებობას გამოიწვევს, რაც სავალალო შედეგს მოიტანს. ამის თავიდან ასაცილებლად და კომუნიკაციის არხების შესაქმნელად ბაიდენის ადმინისტრაცია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.

კომენტარები