აშშ-ჩინეთი

WSJ: კუბაზე ჩინეთის გასაიდუმლოებული საჯაშუშო ბაზა განთავსდება

YANDER ZAMORA/EPA/SHUTTERSTOCK

The Wall Street Journal-ი გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მასალებზე წვდომის მქონე ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კუბამ და ჩინეთმა მიაღწიეს საიდუმლო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთი კუნძულზე ელექტრონული ფარული მიყურადებისთვის საჭირო ობიექტს მოაწყობს.

კუბაზე, ფლორიდიდან დაახლოებით 160 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე განთავსებული ფარული მოსმენისთვის განკუთვნილი ობიექტის საშუალებით ჩინური სადაზვერვო სამსახურები შეძლებენ აშშ-ს გემების მოძრაობაზე დაკვირვებასა და აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთით, მრავალი სამხედრო ბაზით დატვირთულ ტერიტორიაზე ელექტრონული კომუნიკაციებით გადაცემულ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვებას.

WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგადი შეთანხმების არსებობის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც ჩინეთი კუბას რამდენიმე მილიარდ დოლარს გადაუხდის, ორი ქვეყანა დეტალებზე ჯერ არ შეჯერებულა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კუბისა და აშშ-ს ტერიტორიების სიახლოვის გამო, სათვალთვალო ბაზის შექმნასთან დაკავშირებულმა ცნობამ ბაიდენის ადმინისტრაციაში განგაში გამოიწვია. განვითარებული სამხედრო და სადაზვერვო შესაძლებლობების მქონე ჩინური ბაზის შეერთებული შტატების სიახლოვეს განთავსება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აქამდე უცნობი საფრთხის შემცველი გახდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მოხსენებაზე საუბარი არ შემიძლია, ჩვენ კარგად ვიცით და არაერთხელ გვილაპარაკია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძალისხმევაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ამ ნახევარსფეროში, ისეთი ინვესტიციების განხორციელების შესახებ, რომელთაც შესაძლოა სამხედრო მიზნები ჰქონდეთ. ჩვენ ამას გულდასმით ვაკვირდებით, საპასუხო ნაბიჯებს ვდგამთ და დარწმუნებულები ვართ, რომ უსაფრთხოების ყველა ჩვენი ვალდებულების შესრულება შეგვიძლია როგორც სახლში, ისე რეგიონსა და მთელს მსოფლიოში". - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სანდო ჩანს. მათივე აზრით, კუბაში ბაზის განთავსება ჩინეთს საშუალებას მისცემს სიგნალებისა და შეტყობინებების - მათ შორის, ელექტრონული წერილების, სატელეფონო ზარებისა და სატელიტური ტრანსმისიების - მიტაცების გზით შეკრიბოს საიდუმლო ინფორმაცია.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დამატებით დეტალებზე WSJ-სთან არ ისაუბრეს, კუბისა და ჩინეთის საელჩოებმა კი კომენტარისგან თავი შეიკავეს.

დასავლეთ ნახევარსფეროში, განსაკუთრებით კი საკუთარ ტერიტორიასთან ახლოს, უცხოური ძალების გავლენის გაზრდის შესაჩერებლად ამერიკის შეერთებულ შტატებს აქამდეც გადაუდგამს გადამწყვეტი ნაბიჯები. 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისი, რომლის დროსაც შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ძალები ატომური ომის საფრთხის წინაშე სსრკ-ს მიერ ატომური იარაღის სწორედ კუბაზე განთავსების შემდეგ აღმოჩნდნენ, ამის კარგი მაგალითია. თუმცა უცნობია, რისი გაკეთება შეუძლია ახლა აშშ-ს კუბაზე ჩინური სათვალთვალო ბაზის მოწყობის აღსაკვეთად.

მოგვიანებით, WSJ-ს სტატიას ამერიკელი, ჩინელი და კუბელი ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ.

Reuters-ისთვის მიცემულ კომენტარში ჯონ კირბიმ თქვა, რომ WSJ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია "არ არის ზუსტი", თუმცა არ დაუკონკრეტებია რას მიიჩნევდა არაზუსტად.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა თქვა, რომ ჩინეთის და კუბის მიერ ახალი ტიპის საჯაშუშო სადგურის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იციან და ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

სტატიას გამოეხმაურა ოფიციალური ჰავანაც. კუბის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრის, კარლოს ფერნანდეზ დე კოსიოს თქმით, მოხსენება სრულიად უსაფუძვლოა და შეერთებული შტატების მიერ კუნძულოვან სახელმწიფოზე დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს გამართლებას ისახავს მიზნად.

WSJ-მ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის პეკინში ვიზიტის გეგმების შესახებ გახდა ცნობილი. მანამდე, თებერვლის დასაწყისში დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ს საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო ბუშტის გამოჩენის შემდეგ გაუქმდა. შესაძლოა, კუბაზე ჩინური საჯაშუშო ბაზის გახსნასთან დაკავშირებულმა ცნობამ ბლინკენის გეგმები კიდევ ერთხელ შეცვალოს.

კომენტარები