17 დეკემბერს აშშ-მ ტაივანისთვის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი, $11.1 მილიარდიანი სამხედრო შესყიდვის პაკეტი წარადგინა, რასაც ჩინეთის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იარაღის შესყიდვის წინადადება მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, ჰაუბიცებს, ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Altius-ის დრონებსა და სხვა სახის აღჭურვილობის ნაწილებს.
"აშშ განაგრძობს ტაივანის დახმარებას საკმარისი თავდაცვითი შესაძლებლობების შენარჩუნების, ძლიერი შემაკავებელი ძალის სწრაფად შექმნისა და ასიმეტრიული ომის უპირატესობების ბერკეტად გამოყენების მხრივ, რაც ქმნის საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად." - განაცხადა სამინისტრომ.
თავის მხრივ, პენტაგონის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს ეროვნულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება ტაივანის ძალისხმევის მხარდაჭერით, რათა მოხდეს ტაიპეის შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და "სანდო თავდაცვითი შესაძლებლობების" შენარჩუნება.
აშშ-ს განცხადების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კუო ძიაკუნმა თქვა, რომ ჩინეთი "მტკიცედ ეწინააღმდეგება და გმობს" აშშ-ს მხრიდან ტაივანისთვის იარაღის მიყიდვას.
ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა უკვე ხელმეორედ დაამტკიცა. გასულ თვეში პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-მ ტაივანისთვის $330 მილიონის ღირებულების ავიაგამანადგურებლების ნაწილების მიყიდვა დაამტკიცა.
აღნიშნული გადაწყვეტილების პასუხად ჩინეთმა მაშინაც გააპროტესტა და განაცხადა, რომ პეკინი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.





