აშშ-ჩინეთი

ტაივანთან ახლოს ჩინური სამხედრო ხომალდი ამერიკულ გამანადგურებელს სახიფათოდ მიუახლოვდა

Global News via REUTERS

აშშ-ს შეიარაღებული ძალების თქმით, 3 ივნისს მათი კუთვნილი Chung-Hoon გამანადგურებელი და კანადური ფრეგატი HSMC Montreal ტაივანის სრუტეში რუტინული ტრანზიტით გადაადგილდებოდნენ, როდესაც ჩინურმა სამხედრო ხომალდმა ამერიკულ გემს გზა გადაუჭრა.

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს როგორ მიუახლოვდა სახიფათო მანძილზე ჩინური გემი Chung-Hoon-ს და მისი ტრაექტორია გადაჭრა. ამერიკულ გამანადგურებელს კურსი არ შეუცვლია.

ვიდეოში ისმის ინგლისურად მოსაუბრე ადამიანის ხმა, რომელიც სავარაუდოდ რადიო სიგნალის საშუალებით ჩინურ გემს ნავიგაციის შეზღუდვის მიზნით განხორციელებული ქმედების საწინააღმდეგოდ აფრთხილებს.

ჩინეთს ამერიკული კრიტიკისთვის პირდაპირ არ უპასუხია, თუმცა 3 ივნისის ღამეს ქვეყნის სამხედრო ძალებმა აშშ-ს და კანადას იშვიათი ერთობლივი ნაოსნობით “რისკის განზრახ პროვოცირების” გამო საყვედური გამოუცხადა.

ბოლო დღეებში ეს უკვე მეორე მსგავსი ინციდენტია. მანამდე, მაისის ბოლოს, ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სიახლოვეს აგრესიული მანევრი განახორციელა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კომუნიკაცია უკიდურესად გაუარესებულია, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ჩართულობის ნაკლებობა ცაში ან ზღვაზე მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში კომუნიკაციების კრიზისული მექანიზმის არარსებობას გამოიწვევს, რაც სავალალო შედეგს მოიტანს.

კომენტარები