შვედეთი

მედია: შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი არ გამორიცხავს, რუსეთი ქვეყანას თავს დაესხას

[Shutterstock/SAPhotog]

შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ქვეყანაზე სამხედრო იერიში მიიტანოს. ამის შესახებ ინფორმაციას European Pravda შვედური ტელეარხ SVT-ზე დაყრდნობით ავრცელებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი სახმელეთო ძალების უკრაინაში ყოფნის მიუხედავად, შვედეთზე თავდასხმები არ არის გამორიცხული.

"რუსეთმა ასევე კიდევ უფრო შეამცირა სამხედრო ძალის გამოყენების ბარიერი და აჩვენა მაღალი მიდრეკილება პოლიტიკური და სამხედრო რისკების მიმართ. რუსეთის შესაძლებლობა განახორციელოს ოპერაციები შვედეთის წინააღმდეგ საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების, შორ მანძილზე მოქმედების ან ბირთვული იარაღის გამოყენებით უცვლელი რჩება". - ნათქვამია დოკუმენტში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიში ასახავს შვედეთის თავდაცვის ახალ დოქტრინას, რომელიც დაფუძნებულია NATO-ს წევრობაზე, განსხვავებით წინა დოქტრინისგან, რომელიც სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობას ეყრდნობოდა.


შვედეთმა და ფინეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, თუ შვედეთს უნდა, რომ თურქეთმა მხარი დაუჭიროს მის NATO-ში გაწევრიანებას, მაშინ მან უნდა შეაჩეროს ანტითურქული აქციები საკუთარ დედაქალაში.

"შვედეთი არ უნდა ელოდოს, რომ შემდეგ თვეში გასამართ ალიანსის სამიტზე თურქეთი შეიცვლის დამოკიდებულებას NATO-ში მის გაწევრიანებაზე, თუ შვედეთი არ შეაჩერებს ანტითურქულ აქციებს სტოკჰოლმში". – თქვა ერდოღანმა. 

კომენტარები