ბათუმი

ფაქტების შემთხვევაში, ბრალდების დამძიმებას არ გამოვრიცხავთ – პროკურორი 15 წლის გოგოს საქმეზე

ინტერპრესნიუსი

ბათუმში 15 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მასთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით დაკავებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე ამბობს, დამატებითი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ბრალდების დამძიმებას არ გამორიცხავენ. 

"სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, იმ შემთხვევაში, თუკი გამოვლინდება დამატებითი გარემოებები და ფაქტები, არ გამოვრიცხავთ ბრალდების დამძიმებას. მომხდარია უმძიმესი დანაშაული, რასაც არასრულწლოვნის სიკვდილი მოჰყვა. შესაბამისად, ბრალდების მხარე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რათა დანაშაულის ჩამდენმა პირმა კანონის ფარგლებში, უმკაცრესად აგოს პასუხი. 

ბრალდებული და გარდაცვლილი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში იცნობდნენ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქ ბათუმში ერთსა და იმავე მისამართზე ცხოვრობდნენ. ვინაიდან საქმე გვაქვს საკმაოდ სენსიტიურ და მძიმე შემთხვევასთან, ამასთან, გარდაცვლილი არის არასრულწლოვანი, მე სხვა დეტალების გასაჯაროვებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ". - ამბობს საქმის პროკურორი.  

ინტერპრესნიუსის ცნობით, ბრალდებული და გარდაცვლილი ერთსა და იმავე კორპუსში ცხოვრობდნენ. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტა, ძალადობის მსხვერპლი იყო. უწყების ცნობით, ბრალდებული მასთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.  

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა". - წერია უწყების მიერ გუშინ, 14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები