ბათუმი

სქესობრივ კავშირს ამყარებდა 15 წლის გოგოსთან, მან თავი მოიკლა – პოლიციამ 1 ადამიანი დააკავა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტა, ძალადობის მსხვერპლი იყო. უწყების ცნობით, დაკავებულია პირი, რომელიც მასთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.  

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა". - წერია უწყების განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის  მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა.

115-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტი 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს, 140-ე მუხლის პირველი ნაწილი - 7-დან 9 წლამდე. 

"პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები