რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

РДК-ს ლიდერი ამბობს, რომ ტყვედ აყვანილ ვაგნერელს მათ მხარეს ბრძოლა სურს და შანსს მისცემენ

რუსული მოხალისეთა კორპუსის მეთაური დენის კაპუსტინი
armyinform.com.ua

რუსულ მოხალისეთა კორპუსის (РДК) ლიდერმა, დენის კაპუსტინმა (ნიკიტინი) გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც ყოფილმა ვაგნერელმა პროუკრაინულ ჯგუფში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. 

ვიდეოჩანაწერში კაპუსტინი ომის ტყვეებს სთავაზობს სამ არჩევანს: 1. ტყვეთა გაცვლაში მონაწილეობასა და რუსეთში დაბრუნებას; 2. პროგრამა მინდა ცხოვრებაში მონაწილეობასა და უკრაინაში დარჩენას; 3. "სიკეთისა და სამართლიანობის მხარეს ბრძოლას", ანუ РДК-ში გაწევრიანებას.

მესამე შეთავაზების პასუხად ვიდეოში წამოდგა ერთ-ერთი ტყვე, რომელმაც თქვა, რომ მისი სახელია ვლადისლავ იზმაილოვი და ის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერში მსახურობდა. РДК საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ შესაბამისი შემოწმებების შემდეგ, ვლადისლავს საკუთარ რიგებში ბრძოლის შესაძლებლობას მისცემენ.

კაპუსტინმა ირონიულად მიმართა ვაგნერის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს და აღნიშნა, რომ ბედისწერამ ისინი კიდევ ერთხელ დააკავშირა.

ნაწყვეტინი კაპუსტინისა და იზმაილოვის დიალოგიდან:

- სად მსახურობდი?

- კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერში.

- ოპა... ბატონო პრიგოჟინ, ბედისწერა ჩვენ კვლავ გვაკავშირებს. ასეთი ჩახლართული, გასაოცარი გზით. მაგრამ, რადგან ადამიანმა თავად გამოთქვა სურვილი, მოდი ბედისწერისა და ნების წინააღმდეგ არ წავიდეთ. დარწმუნებული ვარ, ის თქვენი ბიჭების ღირსეული ჯარისკაცი იყო და ახლა რუსული მოხალისეთა კორპუსის ღირსეული მებრძოლი იქნება.

ვლადისლავ იზმაილოვი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი РДК-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ იზმაილოვი მის ძალებში მართლაც იბრძოდა. მისი თქმით, ის პენიტენციური დაწესებულებიდან აიყვანეს, ტყვედ კი გასული წლის ნოემბერში ჩავარდა. პრიგოჟინმა იზმაილოვს მოღალატე უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ის "შესაბამის სასჯელს" მიიღებს.

"ნამდვილად, ვლადისლავ იზმაილოვი კსკ ვაგნერს სამარის კოლონიიდან შემოუერთდა და ნოემბრის თვეში ტყვედ ჩავარდა. ვლადისლავ იზმაილოვი არის მოღალატე და დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს მოღალატის შესაფერის სასჯელს, კსკ ვაგნერის ყველა ტრადიციის შესაბამისად. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მას ვიპოვით და მოვკლავთ, სამართლიან ბრძოლაში". – თქვა პრიგოჟინმა.

გასულ წელს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ვაგნერის ყოფილ მებრძოლს, ევგენი ნუჟინს, რომელიც უკრაინის მხარეს იყო გადასული, უროთი კლავენ. ჩანაწერი ვაგნერთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხმა, GREY ZONE-მა გაავრცელა, სათაურით – შურისძიების ჩაქუჩი. კადრებს გამოეხმაურა პრიგოჟინი, მან ნუჟინს მოღალატე უწოდა და დანაშაული შეფასა, როგორც "ძაღლური სიკვდილი".

აღსანიშნავია, რომ აღწერა, რომელიც GREY ZONE-მა ვიდეოს დაურთო, ეხმაურება კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მიერ წარსულში სირიაში ჩადენილ დანაშაულს, რომლის კადრებიც 2017 წელს გავრცელდა. კადრებში სირიელ კაცს რუსულენოვანი შეირაღებული პირები ჯერ უროთი სცემდნენ, შემდეგ თავი და კიდურები მოაჭრეს, ბოლოს კი სხეული დაწვეს. როგორც მომავალში გაირკვა, მსხვერპლი მუჰამედ ტაჰა ალ ისმაილ აბდალა იყო, რომელსაც ბრალად ედებოდა სირიის ჯარიდან დეზერტირობა. ასევე ვიდეოჩანაწერში ჩანდა კიდევ ერთი მოკვეთილი თავი, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა.

2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასევე ყოფილ ვაგნერელს, დმიტრი იაკუშენკოს იმავე მეთოდით, სავარაუდოდ, სიკვდილით სჯიდნენ. ჩარტყმის მონაკვეთი კადრებში დაფარული იყო, მაგრამ ჩანდა, როგორ ეცემა კაცი. თუმცა, ამ კადრების შემდეგ პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ორი ვიდეო, რომელშიც იაკუშენკო ცოცხალი ჩანდა და ამბობდა, რომ ის ვაგნერის ჯგუფმა "შეიწყალა".

2023 წლიდან პრიგოჟინმა აქტიურად დაიწყო უროს სიმბოლიკის ირონიულად გამოყენება.

11 ივნისს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. უკრაინამ 95 გათავისუფლებული სამხედრო მიიღო, რუსეთმა კი – 94. როგორც РДК-ს გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, პროცესებში მონაწილეობდა თავად ამ ჯგუფის ლიდერიც, დენის კაპუსტინიც. უკრაინელ გათავისუფლებულ ტყვეებს შორის არიან აზოვსტალისა და კუნძული ზმეინის მცველების ნაწილიც.

გასულ კვირებში პროუკრაინული ჯგუფები, რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) და ლეგიონი რუსეთის თავისუფლება (ЛСР) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში იყვნენ გადასულები და საბრძოლო მოქმედებებს ატარებდნენ. მათ ამ შეტაკებების ფარგლებში ტყვედ აიყვანეს რამდენიმე რუსი სამხედრო.

კომენტარები