ევგენი პრიგოჟინი

"ძაღლური სიკვდილია" – პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ყოფილი ვაგნერელის სიკვდილით დასჯის კადრებზე

ევგენი პრიგოჟინი

რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, ვაგნერის ჯგუფის ყოფილ მებრძოლს დაუდგენელი პირები სიკვდილით სჯიან. 

"ისტორიის ყურება თეატრში მირჩევნია.  რაც შეეხება უროდარტყმულს, ამ შოუში ჩანს, რომ მან უკრაინაში ბედნიერება ვერ იპოვა, სანაცვლოდ შეხვდა ბოროტ, მაგრამ სამართლიან ხალხს. მგონი ამ ფილმს "ძაღლს ძაღლური სიკვდილი" ჰქვია. მშვენიერი რეჟისორული ნამუშევარია, ერთი ამოსუნთქვით შეიძლება ყურება. იმედი მაქვს, გადაღების დროს არც ერთი ცხოველი დაშავებულა". – ავრცელებს კომენტარს პრიგოჟინი რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში საკუთარი კომპანიის, კონკორდის გვერდის მეშვეობით.

აქამდე პრიგოჟინის დაფუძნებული ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფმა პრორუსულმა ტელეგრამ-არხმა GREY ZONE-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სიკვდილით სჯიან, სავარაუდოდ, ვაგნერის ყოფილ მებრძოლს, რომელიც უკრაინის მხარეს გადავიდა. ვიდეოკადრები გამოქვეყნდა სათაურით – შურისძიების ჩაქუჩი.

ვიდეოში თავდაპირველად ჩანს კაცი, რომელიც ერთ-ერთ სოციალურ მედიასთან საუბრობს, თუ როგორ გადავიდა უკრაინის მხარეს, რათა რუსეთის წინააღმდეგ ებრძოლა. ამის შემდეგ, ჩანს დანაშაულის კადრები. კაცი, რომელიც წებოვანი ლენტით აგურებზეა მიბმული და ამბობს, რომ 1967 წელს დაბადებული ევგენი ნუჟინია. კაცი ამბობს, რომ ფრონტზე წავიდა, რათა უკრაინის მხარეს გადასულიყო და რუსების წინააღმდეგ ებრძოლა, რაც, თავისივე სიტყვებით, 4 სექტემბერს განახორციელა. ამის შემდეგ, კაცი ამბობს, რომ 11 ნოემბერს, კიევში, ქუჩაში თავში საგანი ჩაარტყეს და გონება დაკარგა, რის შემდეგაც გონზე მოვიდა სარდაფში, სადაც ვიდეოა გადაღებული. მისი თქმით, აქ შეატყობინეს, რომ "გაასამართლებდნენ". 

როდესაც კაცი საუბარს ასრულებს, მის უკან მდგომი უცნობი პირი მას თავის არეში უროს არტყამს. სავარაუდოდ ყოფილი ვაგნერელი ეცემა, რის შემდეგაც პირი უროს მეორეჯერაც ურტყამს. 

აღსანიშნავია, რომ აღწერა, რომელიც GREY ZONE-მა ვიდეოს დაურთო, ეხმაურება კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მიერ წარსულში სირიაში ჩადენილ დანაშაულს, რომლის კადრებიც 2017 წელს გავრცელდა. კადრებში სირიელ კაცს რუსულენოვანი შეირაღებული პირები ჯერ უროთი სცემდნენ, შემდეგ თავი და კიდურები მოაჭრეს, ბოლოს კი სხეული დაწვეს. როგორც მომავალში გაირკვა, მსხვერპლი მუჰამედ ტაჰა ალ ისმაილ აბდალა იყო, რომელსაც ბრალად ედებოდა სირიის ჯარიდან დეზერტირობა. ასევე ვიდეოჩანაწერში ჩანდა კიდევ ერთი მოკვეთილი თავი, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა.

13 ნოემბერს გავრცელებული კადრების აღწერაში GREY ZONE-ი ხაზს უსვამდა სავარაუდოდ ყოფილი ვაგნერელის უროთი მოკვლის მნიშვნელობას.

"როგორც ჩანს, არა მხოლოდ ვაგნერში, არამედ მათ, ვინც საკითხთან ახლოს არიან, იციან რომ უროსა და მოღალატეებს "ორკესტრისთვის" (იგულისხმება ვაგნერის ჯგუფი) ახლო კავშირი აქვთ. და, აი, კიევში მოულოდნელად გაუჩინარდა, მოღალატემ მიიღო ტრადიციული, ჭეშმარიტაფ ვაგნერული სასჯელი". – წერია GREY ZONE-ის მიერ ვიდეოკადრებისთვის დართულ აღწერაში. 

როგორც რუსული მედია წერს, ნუჟინმა სექტემბერში ინტერვიუ მისცა უკრაინელ სამხედრო რეპორტიორს, იური ბუტუსოვს, რომელსაც ეუბნებოდა, რომ წარმოშობით რუსეთიდან, ნიჟეგოროდის ოლქის ქალაქი პერევოზიდან იყო. 


ევგენი პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი პირველად 2022 წლის სექტემბერში აღიარა. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ვაგნერის ჯგუფს აქტიურად იყენებს.

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ყველაზე ცნობილია.

პრიგოჟინს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

31 ოქტომბერს პრიგოჟინმა სანქტ-პეტერბურგში გამოაცხადა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ცენტრის დაარსება.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 31 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალაუფლებას იმყარებს. 

კომენტარები